რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

2024 წელს საქართველოში 33 206 800 აშშ დოლარის ღირებულებს 21 842 ტონა ცოცხალი ღორის იმპორტი განხოციელდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი იმპორტიორი რუსეთია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.

უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2024 წელს ქვეყანაში აღნიშნული საიმპორტო ბაზრიდან 21 818 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა, რის ჯამურმა ღირებულებამაც 32.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, იმპორტი 18.7%-ით არის გაზრდილი. მაგალითისთვის, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 18 380 ტონა ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით ნაწილში 27.8 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ცნობისთვის, "საქსტატის" საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი. ამ მონაცემების მიხედვით, 2009, 2010, 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი არ განხორციელებულა.

წლების მიხედვით მონაცემები დეტალურად იხილეთ სურათზე:

gori-1-1738827490.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ცოცხალი ღორების ადგილობრივი ექსპორტი არ განხორციელებულა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2009 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში ღორების ექსპორტი მხოლოდ 2021 წელს (193 ათასი დოლარის 98 ტონა), 2022 (405 ათასი დოლარის 191 ტონა) და 2023 წელს (25 ათასი დოლარის 12 ტონა) განხორციელდა.

მერი ტაბატაძე