„დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდა პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა“, - ამის შესახებ ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, ერთი წლის ჭრილში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 9.6%-დან 6.7%-მდე შემცირდა, ლარი 6%-ით გაუფასურდა, სავალუტო რეზერვები შემცირებულია 560 მლნ დოლარით, მოსახლეობამ 2 მლრდ დოლარამდე დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადაიტანა, საინვესტიციო გარემო კი გაუარესებას აჩვენებს.
„2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.5% იყო. 9.5% მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, თუ იანვარ-ოქტომბერში საშუალო თვიური ზრდა 9.6% იყო, ნოემბერში ზრდამ 7.5%, ხოლო დეკემბერში 6.7% შეადგინა. ზრდის ტემპის კლება ეკონომიკურ კრიზისს არ ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკის გარკვეულ დარგებში აქტივობის კლების შედეგია.
2024 წლის პირველ სამ კვარტალში (მე-4 კვარტალი ჯერ ცნობილი არ არის) საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა. მე-3 კვარტალში ინვესტიციები 55%-ით შემცირდა, თუმცა უფრო მაღალი - 70%-იანი კლება იყო პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ინვესტიციების კლება „რუსული კანონის“ მიღებამ განაპირობა. „რუსული კანონის“ მიღება, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და სანქციები მომავალ ინვესტიციებზე აისახება.
შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის და სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში გარკვეულწილად უკვე აისახა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე. ეკონომიკის გარკვეულ დარგებში (მაგალითად, რესტორნები და სასტუმროები) აქტივობა შემცირდა, თუმცა ჯამურად ეკონომიკა არ შემცირებულა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამომავლოდ ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება მოსალოდნელი სანქციების მასშტაბსა და შინაარსზე იქნება დამოკიდებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ „სანქციების გაფართოებას კი, თავის მხრივ, პოლიტიკურ კრიზისის გაგრძელება განაპირობებს“.
„მთავარი საფრთხე საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს: მაღალი სავაჭრო დეფიციტი, დეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტი და საგარეო ინვესტიციებზე და სესხებზე დამოკიდებულება, საქართველოს პოტენციური სანქციების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე ეს სხვა, აქამდე დასანქცირებული ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს. საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, შეამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს და მოხმარებას“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში.