დისტრიბუტორები სუპერმარკეტებთან და სხვა ობიექტებთან არსებულ პრობლემებზე უკვე წლებია საუბრობენ. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ განუცხადა, ბიზნესებს შორის თანამშრომლობისას პრობლემურია სახელშეკრულებო პირობები.
მისი თქმით, ყოველწლიურად დისტრიბუციასაც და ობიექტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს ახალ ან გაზრდილ გადასახადებს, რაც საბოლოო ჯამში აისახება პროდუქციის გასაყიდ ფასზე.
„სუპერმარკეტებთან და ობიექტებთან სახელშეკრულებო პირობების განახლებისას ხდება არსებული გადასახადების ზრდა და რიგ შემთხვევაში ხდება ახლის დაწესებაც. პროდუქციის ფასის ერთ-ერთი განმაპირობებელი კომპონენტი არის სწორედ სახელშეკრულებო პირობები და ლარის კურსი, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად გავლენას ახდენს ფასის ფორმირებაზე, რომელიც მომხმარებელს საბოლოოდ ხვდება თაროზე. ყოველი წლის განმავლობაში ხელშეკრულების განახლებისას ხდება დამატებით არსებულის ან სხვა ტიპის გადასახადის დაწესება, ეს გადასახადები ისახება საბოლოო ფასში, რომელიც მომხმარებლებს თაროზე ხვდებათ“, - ამბობს ლაშა რიჟამაძემ.
დისტრიბუტორები საუბრობენ, რომ საჭიროა კანონმდებლობის დონეზე საკითხის რეგულირება. ამისთვის პროცესები მთავრობამ ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. განიხილებოდა ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობის არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის შესახებ კანონის მიღება, თუმცა, პროცესები შეჩერდა და აღარც განახლებულა.
„სადისტრიბუციო თუ ადგილობრივი კომპანიები ვსაუბრობდით საკანონმდებლო რეგულირებაზე, რომელიც ამ სიტუაციას გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევს და ხელს შეუწყობდა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას. შესაძლოა, პროდუქციის ფასები არ გაიაფებულიყო, მაგრამ სტაბილურად შენარჩუნების საშუალებას მისცემდა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. მსგავსი კანონი არის ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, აზიის ქვეყნებსა და მათ შორის, პოსტს საბჭოთა ქვეყნებშიც“, - აღნიშნავს რიჟამაძე.
„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ საკითხის კანონის ფარგლებში მოქცევა ხელს შეუწყობდა პროდუქციის ფასების სტაბილურობას და ბიზნესებს შორის სამართლიან კონკურენციას.
„გარკვეული ტიპის რეგულაცია დადებითაც იმოქმედებდა ყველა მიმართულებით ფასის სტაბილურობის და სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს საუბარი, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა განახლდეს. არ ვფლობთ ინფორმაციას, აპირებს თუ არა სახელმწიფო დისტრიბუციასა და მარკეტებსა და ობიექტებს შორის ურთიერთობების რეგულირებას ისე, როგორც ეს არის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.