სიმთვრალეში ტრანსპორტის მართვის გამო 20 000 პირს მართვის მოწმობა შეუჩერდა - ირაკლი იზორია

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტი მართვის გამო მართვის მოწმობა 20 000 პირს შეუჩერდა, - ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის განმეორებითი შემთხვევებიც, რის აღმოსაფხვრელადაც საჭიროა რეგულაციის გამკაცრება.

„2024 წლის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით 20 000-მდე ადამიანს შეუჩერდა მართვის უფლება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ იმატებს წლიდან წლამდე ნასვამ მდგომარეობაში მართვის მაჩვენებელი, სახელმწიფოც იძულებულია გარკვეულ ზომებს მიმართოს და გამოიყენოს მაქსიმალური ნაბიჯები, რათა შეფერხდეს მსგავსი შემთხვევების ზრდა.

გარდა ამისა, გახშირებულია მეორადი ჯდომა საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში. ერთი წლის განმავლობაში ჩამორთმეული რომ აქვს მოწმობა, ხდება ფაქტები, როცა კვლავ სხდებიან საჭესთან. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობამ დაუშვა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე. გვქონდა ინიციატივა, რომ პირველივე ჯერზე ნასვამ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვისას, მართვის მოწმობის შეჩერება 6 თვის ნაცვლად იყოს ერთი წელი, ხოლო როცა ფიქსირდება გადამთვრალი მდგომარეობა - 2 წელი.

ყველა მსგავს ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ვინაიდან, წლებია ვუყურებთ, რომ სტატისტიკა ერთ ადგილზეა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ საქართველოს მიღებული აქვს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ამ სტრატეგიას გააჩნია გეგმა: 2025 წლის გეგმით 20-25%-ით მაინც უნდა შემცირდეს საგზაო შემთხვევები, ერთი წელია დაჩენილი, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ შემცირება და სამოქმედო გეგმა ქაღალდზე არ დარჩეს“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება, კერძოდ, იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა.

იხილეთ ასევე: არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე კანონი მკაცრდება - რას გულისხმობს ცვლილება?

მერი ტაბატაძე