„საწარმოო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იფქლის საწამოში განუცხადეს, რომელზეც გუშინ სეს-ის განცხადებაში საუბარი იყო, რომ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ კონკრეტულ ქსელში, სადაც პურში უცხო სხეული აღმოაჩინეს, მათი პროდუქცია საერთოდ არ შედის, შესაბამისად, მოკვლევის საფუძველიც არასწორი იყო.
ამასთან, „იფქლში“ აცხადებენ, რომ საწარმოო პროცესი მათთვის არავის შეუჩერებია და კონკრეტული შენიშვნა, 6-დან მხოლოდ ერთ ღუმელზე მიიღეს, რომელიც უკვე გამოსწორებულია.
„დავიწყოთ იმით, რომ როდესაც გუშინ გავრცელდა სურსათის უვნებლობის სამსახურის წერილი, იქ აღნიშნული იყო, რომ მოქალაქემ „ორ ნაბიჯში“ შეძენილ პურში უცხო სხეული პოვა. „ორ ნაბიჯში“ ჩვენი კომპანია საეროდ არ შედის, ჩვენი პროდუქტი იქ არ ხვდება, შესაბამისად, შემოწმების ეს კონკრეტული საფუძველიც არასწორი იყო. რეალურად ფაქტის მოკვლევაც არ მომხდარა შესაბამისად.
გარდა ამისა, დასკვნაში ისიც წერია, რომ საწამოო პროცესი შეგვიჩერეს, ეს არ არის სიმართლე. საწარმოო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, უბრალოდ, ჩვენთან არის 6 ღუმელი, აქედან ერთზე მოგვცეს შენიშვნა, რომელიც უკვე გამოსწორებულია. განცხადებაც დაწერილი გვაქვს, რომ მოვიდნენ და შეამოწმონ. ამიტომ, ის რომ, საწამოო პროცეს შეგვიჩერეს და ჩვენს პურში იპოვეს უცხო სხეული, არასწორი ინფორმაციაა. ამაზე ჩვენც მივმართეთ სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ ზუსტი და ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელონ, სინამდვილეში რა და როგორ იყო.
ზოგადადაც, 6 ღუმელი გვაქვს და აქედან ერთი რომელიმე ყოველთვის გაჩერებულია, რადგან გეგმურად სჭირდება შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამიტომ, შეფერხება არ გვქონია არცერთი წუთით. ამ დროს, დასკვნაში წერია, რომ თითქოს, სამუშაო პროცესი შეგვიჩერდა. ეს არის არასწორი ინფორმაცია. მომხმარებლის უკმაყოფილება და დაბნეულობა გამოიწვია. ბევრმა მოგვმართა, თქვენ ხომ დაგხურეს და თქვენი პროდუქტი რატომ იყიდება“,- აცხადებენ „იფქლში“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ შპს იფქლს საწარმოს პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა.
განცხადების მიხედვით, საქმე ეხებოდა, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევას. როგორც სეს-ის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სეს–ს შეატყობინა.
ცნობისთვის, "იფქლი" 2 ბიზნეს სუბიექტია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, შემოწმება ხარაძის ქუჩაზე მდებარე "იფქლის" საწარმოში მოხდა.