დეკემბერსა და იანვარში შემცირების შემდეგ, აფხაზეთში ტურებზე მოთხოვნამ აღდგენა დაიწყო, რაც საინფორმაციო ფონის გაუმჯობესებით არის გამოწვეული.
ინფორმაციას “კომერსანტი” რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.
კავშირის ცნობით, ტუროპერატორები იმედოვნებენ, რომ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილი ე.წ. ვადამელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია საბოლოოდ დასტაბილურდება და ზაფხულის სეზონი ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის.
კერძოდ, ტუროპერატორ Alean-ის ცნობით, ზამთრის თვეებში მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, აფხაზეთში დასვენებაზე მოთხოვნა იზრდება. იანვრის შუა რიცხვებში აფხაზეთის ტურებზე მოთხოვნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით ნაკლები იყო. თუმცა ამჟამად სასტუმროების დაჯავშნა მხოლოდ ზაფხულისთვის კი არა, შემოდგომის სეზონისთვისაც მიმდინარეობს. ამასთან, Alean-ის ცნობით, განსახლების დიდმა ობიექტებმა ფასები 5-10%-ით გაზარდეს, ხოლო სამომავლო ტარიფები მოთხოვნილებასა და დატვირთვაზე იქნება დამოკიდებული.
კომპანია, “მულტიტური” აფხაზეთის მიმართულებაზე ინტერესის მნიშვნელოვან ვარდნას ან სასტუმრო ფასების შემცირებას, ასევე, არ აფიქსირებს. ტუროპერატორი განმარტავს, რომ ზაფხულისთვის აქტიური დაჯავშნები ახალ წლამდე ხდებოდა, რაც ამჟამად ზომიერი ტემპით მიმდინარეობს. “მულტიტური” იმედოვნებს, რომ სოჭის სასტუმროების შევსებასთან ერთად, რაც შესაძლოა, მარტამდე მოხდეს, აფხაზეთში დასვენებაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება.
2024 წლის ნოემბრის პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუს ტურისტებს რეკომენდაციით მიმართა, აფხაზეთში მოგზაურობისგან დროებით თავი შეეკავებინათ. ამასთან, უწყებამ ტუროპერატორებს მოუწოდა, სამოგზაურო პაკეტების გაყიდვა შეეჩერებინათ და ჯავშნები ჯარიმის გარეშე გაეუქმებინათ.
იანვრის ბოლო-თებერვლის დასაწყისში სოხუმში ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ და აფხაზეთში კრემლის ახალმა კურატორმა, სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ ტურისტული ნაკადის გაზრდა მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
კრემლის ნარატივს რუსი ექსპერტებიც იმეორებენ. კერძოდ, რუსეთის საპრეზიდენტო აკადემიის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მენეჯმენტის კათედრის ლექტორ ალექსანდრ პრეობრაჟენსკის განცხადებით, რუსი ტურისტები იმის მიხედვით გააქტიურდებიან, თუ ვის აირჩევენ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეობრაჟენსკი ამბობს, რომ აფხაზეთში, რომელმაც „რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები გამოიჩინა, სადაც პრეზიდენტი, ასეა თუ ისე, ჩამოაგდეს და სადაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჯერ გაურკვეველია,“ ბუნებრივია, რუსი ტურისტები ჩასვლისგან თავს შეიკავებენ და უფრო მშვიდ ადგილებს აირჩევენ.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობას ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების დაკავება მოჰყვა. შეთანხმება რუსული ბიზნესისთვის აფხაზეთში ინვესტიციებისას მსხვილ პრეფერენციებს ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხედ ჩათვალა. პროტესტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა, რის შემდეგაც ე.წ. პარლამენტმა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჩააგდო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ