„ჩემი ინფორმაციით, საახალწლო პერიოდში, ძალიან ბევრი ცხენის ხორცი გაიყიდა,“ - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა განაცხადა.
მანვე ყურადღება გაამახვილა გარე ვაჭრობის ობიექტებზე, რომელიც ვერ კონტროლდება და შესაძლოა, სწორედ ამ ადგილებში იყიდებოდეს ცხენის ხორცი.
„მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოს გარე ვაჭრობის ადგილებიდან მალფუჭებადი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი. გარე ვაჭრობა ისეთია, რომ ვერ კონტროლდება. მომხმარებელმა თავდაცვის მიზნით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოს გარე ვაჭრობის ადგილას დალაგებული ხორცი, რაც არ უნდა აღმატებით ხარისხში ისაუბროს მისმა გამყიდველმა, რომ "ეს სოფლისაა, ჩემი გაზრდილია და ა.შ." არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ხორცი ჯანმრთელია და რომ მართლა საქონლის ხორცია.
ჩემი ინფორმაციით, დაზუსტებით არ ვიძახი, საახალწლო პერიოდში ძალიან ბევრი ცხენის ხორცი გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ცხენის დაკვლა და მისი სარეალიზაციოდ გამოტანა დასჯადია. სამწუხაროდ სააგენტოს მხრიდანაც არსებობს ამის დადასტურებული შემთხვევები.
ცხენის ხორცი საშიშია იმით, რომ ტრიქინელას პარაზიტის მატარებელია და ცხენის პარაზიტზე შემოწმება ვერ ხერხდება. ახალგაზრდა ჯანმრთელ ცხენს არავინ დაკლავს, ძირითადად ისეთი ცხენები იკვლება, რომელიც თავის ფუნქცია-მოვალეობას აღარ ასრულებს და ყიდიან იაფად. შემდეგ ხდება დაკვლა. ფიზიკურად ძალიან ძნელია გაარჩიო ცხენის ხორცი სხვა ხორცისგან. ერთადერთი მე რაც მსმენია ცხენს ძალიან დიდი ნეკნის ძვალი აქვს, ასევე მუქი ფერის ხორცი. ზუსტ დადგენას სახეობრივი კვლევა სჭირდება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ნაკლები შანსია რომ მოხვდეს, მაგრამ რისკები მაინცაა. საზოგადოებრივი კვების ობიექტები ვალდებულები არიან შეიძენილ ხორცს ახლდეს ხორცის ფორმა ნ2, ბეჭედიც უნდა ჰქონდეს, რომლის კონტროლიც მიმდინარეობს, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. რამდენიმე წლის წინ ზუსტად კვების ობიექტში დაფიქსირდა ცხენის ხორცის ფაქტი. კვლევა რომ დაიწყო მიადგნენ ერთ-ერთ რეგიონში ცხენების სასაკლაოს,“ - აღნიშნა არაბულმა.