რა თანხას გამოიმუშავებს ალექსანდრე თოფურია UFC 312-ის სადებიუტო ორთაბრძოლაში

9 თებერვალს, სიდნეიში, არენა Qudos Bank-ზე, დილის 05:00 საათიდან UFC 312-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია გამართავს, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიას უფროსი ძმაა.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ავსტრალიელი კოლბი თიქნესი იქნება.

ღონისძიების წინ თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა და 61.46 კგ დააფიქსირა, მაშინ, როცა მაქსიმალური დასაშვები წონა 61.70კგ-ია. ანალოგიური წონის არის კოლბი თიქნესიც.

აქამდე 29 წლის ალექსანდრე თოფურიას შერეული ორთაბრძოლების, ანუ MMA-ს სხადასხვა ორგანიზაციაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მან 5-ჯერ მოიგო და ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება თიქნესს, 25 წლის სპორტსმენმა MMA-ში 7 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო. ის ავსტრალიური ორგანიზაციის ჩემპიონიც იყო.

ალექსანდრე თოფურია წითელი შორტებით იბრძოლებს, ხოლო მის სამწვრთნელო კუთხეში ილია თოფურია იქნება. აღსანიშნავია, რომ კოლბი თიქნესს ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაეხმარება. სწორედ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, 2024 წლის 18 თებერვალს ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი გახდა.

რა თანხას გამოიმუშავებს ალექსანდრე თოფურია UFC 312-ის ოქტაგონზე სადებიუტო ბრძოლაში

სპორტული გამოცემა Sporty Salaries-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ქართველი სპორტსმენი მოგების შემთხვევაში 12 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო UFC-ის სპონსორების ბონუსი 4 ათას დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება PPV (pay-per-view), ანუ სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტულ წილს, გავრცელებული ინფორმაციით, UFC 312-ის ფასიანი ჩვენების მთავარ ბრძოლებად 9 თებერვალს ჩანიშნული სხვა ორი ბრძოლა არის მიჩნეული.

როგორც წესი, PPV-ის ბონუსები სპორტსმენების შემოსავალს საგრძნობლად ზრდის, მით უმეტეს, თუ ტურნირი სამაუწყებლო გაყიდვების კუთხით კარგ შედეგებს აჩვენებს.

ამდენად, ჯერ უცნობია, თუ რამდენად დიდი იქნება PPV-ის წილი ქართველი სპორტსმენის ორთაბრძოლის დროს.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩემპიონის ტიტულის დაცვის ბრძოლით ილია თოფურიამ 2.44 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან თოფურიამ 750 000 დოლარი ბრძოლისთვის, 100 000 დოლარი გამარჯვებისთვის, 42 000 დოლარი სპონსორებისგან, 50 000 დოლარი ბონუსის სახით, ხოლო 1.5 მლნ დოლარი სატელევიზიო შემოსავლებიდან მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ