„კუთხეში მიყენებულივით ვართ და ვცდილოთ, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ - ვეძებ სასტუმროს, რომელიც იტყვის, რომ 2024 წლის ბოლო კვარტალი რეკორდული იყო“

„სექტორს არანაირი გეგმა არ აქვს, მივყვებით დინებას, ვცდილობთ რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

„კუთხეში მიყენებულივით ვართ და ვცდილოთ, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ - ვეძებ სასტუმროს, რომელიც იტყვის, რომ 2024 წლის ბოლო კვარტალი რეკორდული იყო“

„11 მლნ ლარის ჯავშნები გაუქმდა მხოლოდ დეკემბერში, თბილისის ცენტრის სასტუმროებში. ყველაზე ცუდი ის არის, ეს ტენდენცია გრძელდება. პანდემია რომ არ ჩავთვალოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი დაბალი მაჩვენებლები, დაბალი დატვირთვა და ციფრები შემოსავლების თვალსაზრისით, არ გვქონია არასოდეს. თებერვალიც არ ჩანს უკეთესი.. იანვარში ახალი წელი მაინც იყო და რამდენიმე დღემ შემოსავალი მოგვცა, თებერვალში კი, ასეთი გამონათებაც არ ჩანს და დღევანდელი მონაცემებით, საკმაოდ რთულ მდგომარეობას ვპროგნოზირებთ თბილისზე.

დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, ბიზნესს ჩვენი რეალობა გვაქვს, ხოლო მეორე მხარეს {მთავრობას, სახელისუფლებო გუნდს} აქვს მეორე რეალობა.. რეალურად ძალიან დიდ კრიზისში ვართ... სექტორს არანაირი გეგმა არ აქვს, მივყვებით დინებას, კუთხეში მიყენებულივით ვართ და ვცდილოთ, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, თუმცა მეორე მხარეს გვაქვს სასწაული ოფიციალური სტატისტიკა.

ორი სამყარო გვაქვს საქართველოში, იქ სადაც რეალურად ვცხოვრობთ და სადაც ბიზნესი ოპერირებს, მეორე კი არის ვირტუალური სამყარო, რაზეც ტელევიზორში უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. მე ვეძებ ისეთ სასტუმროს, რომელიც იტყვის რომ 2024 წლის ბოლო კვარტალი რეკორდული და ისეთი ჰქონდა, როგორც არასდროს. ვსაუბრობ თბილისის სასტუმროებზე, თუ ვინმეს გაქვთ ასეთი მონაცემი, მობრძანდით. რეალურ სამყაროში მე ასეთი სასტუმრო ვერ ვიპოვე,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.

თაია არდოტელი