„ბევრი რესტორანი ცუდ დღეშია - დარგი უნდა გადავარჩინოთ“

„საკმაოდ რთული პერიოდია დღეს, ბევრი რესტორანი ცუდ დღეშია და დარგი უნდა გადავარჩინოთ,“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„საკმაოდ რთული პერიოდია დღეს. ბევრი რესტორანი ცუდ დღეშია. დარგი უნდა გადავარჩინოთ. ქართველები ნაკლებად დადიან, რადგან არ ელხინებათ, უამრავი ღონისძიება გაუქმდა ან არც კი დაგეგმილა. ტურისტები ნაკლებად ჩამოდიან, რადგან ჰგონიათ რომ დიდი სამამულო ომია.

დღეის მდგომარეობით, ტურისტი ვინც ჩამოდის საქართველოში, ძირითადად არის ისეთი ქვეყნებიდან, რომელსაც არ ეშინია ასეთი ამბების. ეს ქვეყნებია, მაგალითად: ირანი, ინდოეთი, არაბეთი, ისრაელი და ა.შ. ამ ქვეყნებიდან ტურისტი რომ არ იყოს, საერთოდ ტურიზმი გაჩერდებოდა ქვეყანაში.

შარშანდელ მონაცემებს რომ ვადარებთ, ზოგ ადგილებში 30%-ით არის დაკლებული, ზოგან - 50%-ით. ეს უკვე ნიშნავს რომ ის ადამიანი არის ზღვარზე ქვევით. შესაბამისად, დგას თანამშრომლების შენარჩუნების, იჯარის თუ სხვა გადასახადების გადახდის პრობლემის წინაშე... პირადი გამოცდილება რომ გითხრათ, დეკემბერში მოგვიწია, რომ საკუთარ ობიექტზე დაგვეწერა განაცხადი და გვეთხოვა დღგ-ს გადავადება.

დღეის მდგომარეობით, გასაჭირი გვაქვს ბარში მყოფ რესტორნებს თუ სასტუმროებს რომ მივაღწიოთ თბილ პერიოდამდე, მარტის ბოლო-აპრილამდე, ეს არის ჩვენი დღევანდელი გაძლების ზღვარი,“ - განაცხადა გაბრიჩიძემ.