სფეროები, სადაც პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების მაღალი მაჩვენებელია

2017-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების (VET) დაფინანსება გასამმაგდა. PMCG-ის კვლევის მიხედვით, განათლების ბიუჯეტში VET-ის წილი 3.1%-დან 4%-მდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს პროფესიულ განათლებას 118 მილიონი ლარი გამოეყო, რაც უმაღლესი განათლების დაფინანსებას მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ცნობისთვის, ამავე პერიოდში უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება 173 მილიონ ლარს შეადგენდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული იყო 30 ათასზე მეტი სტუდენტი. თუმცა, მიუხედავად რეგისტრაციის ზრდისა, რეფორმის შედეგად ჩარიცხულთა რაოდენობა სათანადოდ არ გაზრდილა, რის გამოც რეგისტრირებულ და ჩარიცხულ სტუდენტთა შორის სხვაობა გაიზარდა.

„საშუალო სკოლიდან პროფესიულ განათლებაზე გადასვლა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან 10.6-ჯერ მეტი სტუდენტი ირჩევს უმაღლეს განათლებას. 2020-2023 წლებში 25 წელზე უფროსი ქალ სტუდენტების რაოდენობა 84%-ით გაიზარდა.

2017-2022 წლებში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 60%-დან 81%-მდე გაიზარდა, თუმცა მამაკაცებისა და ქალების დასაქმების მაჩვენებლებს შორის კვლავ 10%-იანი სხვაობა რჩება“, - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის თანახმად, პროფესიული განათლების მქონე დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი სამთომოპოვებითი, ტურიზმისა და არქიტექტურის სფეროებიდან იყო. დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სოციალური მეცნიერებებისა და სილამაზის მომსახურების სექტორებს ჰქონდა.

„დამსაქმებელთა 87% მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლების მქონე კადრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათ ორგანიზაციებში, თუმცა დაახლოებით მეოთხედს აქვთ შენიშვნები კადრების მოტივაციისა და სამუშაო ეთიკის მიმართ“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე