„გვიჭირს ძალიან მუშახელის პოვნა - ანაზღაურება გამომუშავებით 50-70 ლარის ფარგლებშია“ - დაფნის მწარმოებლები

„გვიჭირს ძალიან მუშახელის პოვნა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ დირექტორმა დავით კუტალიამ განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, დღიური ანაზღაურება გამომუშავებით 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა მუშახელთან დაკავშირებით - გვიჭირს ძალიან მუშის პოვნა. ვწვალობთ, ხალხი გასულია უცხოეთში, ზოგი შრომისუნარიანი აღარ არის და სამწუხაროდ ახალგაზრდების ნაწილს მუშაობაც აღად უნდა - ეს არის დიდი უბედურება.

დღიური ანაზღაურება არის გამომუშავებით, დამოკიდებულია ვინ როგორი სისწრაფით გააკეთებს სამუშაოს, დამოკიდებულია დაფნის წონაზე, გასხვლაზეც - არის მოჭრილი ხელფასები, მაგრამ საშუალოდ 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს“, - განაცხადა დავით კუტალიამ.

ცნობისთვის, ქართული დაფნის ექსპორტი 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე იყო (საქსტატზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი). მხოლოდ ბოლო ერთი წლის ჭრილში კი ექსპორტის მოცულობა 46%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 9 031 ტონა დაფნა (36.3 მილიონი აშშ დოლარის), ხოლო 2023 წელს 6 181 ტონა (18 მილიონი აშშ დოლარის).

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული დაფნის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ჩინეთში გადის. მაგალითად, 2024 წელს აღნიშნულ საექსპორტო ბაზარზე 28.5 მილიონი დოლარის 6 983 ტონა დაფნა გავიდა. საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც გასულ წელს 1 098 ტონა დაფნის ექსპორტი განხორციელდა, რისი ჯამური ღირებულებაც 5.57 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე