„ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველის რაოდენობა განახევრებულია“ - როგორია საშუალო ფასები

ბათუმში, უძრავი ქონების ბაზარზე, უცხოელი მყიდველის რაოდენობა განახევრებულია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რეინვესტის“ დამფუძნებელმა, ლევან ბოლქვაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მცირედით გაზრდილია ადგილობრივი ინვესტორების წილი, რაც დაკავშირებულია დეველოპერული კომპანიების მიერ შეთავაზებულ მოქნილ პირობებთან.

„ბათუმი არის ძირითადად საერთაშორისო ბაზარი, დაახლოებით 80%-ის ფარგლებშია უცხოელი მყიდველი. ისინი ძირითადად საინვესტიციო ქონებებს ყიდულობენ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, გაქირავების ან გადაყიდვის მიზნით ფართებს და ა.შ.

ბათუმში ძირითადად უცხოელი მყიდველია, მაგრამ მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დაიკლო ტრანზაქციების რაოდენობამ. ფაქტობრივად, განახევრებულია უცხოელი მყიდველი.

ამის პარალელურად, ტრანზაქციებში საქართველოს მოქალაქეების წილი პროცენტულად მცირედით, დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო დეველოპერული კომპანიების მოქნილმა შესყიდვის პირობებმა. ამის გამო, ადგილობრივი ინვესტორების წილი მცირედით გაიზარდა“, - განაცხადა ლევან ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, „ქოლიერსის“ მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15 034 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით, 2%-ით შემცირებაზე მიუთითებს. ამასთანავე, გასულ წელს ბაზრის ზომა 6%-ით, 778 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ფასებს, 2024 წელს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს საშუალო შეწონილი ფასი 1 კვ.მ-ზე 1,086 დოლარი იყო, წინა წელს კი 1 022 დოლარი.

მერი ტაბატაძე