„კანონში სიცხადე არ არის, რადგან სასამართლოში რომ წავალთ, კონკრეტული ზღვრის გავლება შეუძლებელი იყოს, რა ითვლება შეურაცხმყოფლად და რა არა,“ - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გამკაცრებულ კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მხარი უკვე დაუჭირა. ამ ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა - გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას. უფრო დიდი სანქცია ქმედების განმეორებით ჩადენაზე. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება.
„კანონში სიცხადე არ არის და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. რატომ არის ასეთი ზოგადი ჩანაწერი?! რატომ და სასამართლოში რომ წავალთ, კონკრეტული ზღვრის გავლება შეუძლებელი იყოს, რა ითვლება შეურაცხმყოფლად და რა არ ითვლება, ეს გახდება მოსამართლის ან 5-6 მოსამართლისგან დაკომპლექტებული ჯგუფის გადასაწყვეტი.
საკანონმდებლო ჩანაწერში წერია შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება. ლანძღვა-გინება მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ რა არის შეურაცხყოფა არ ვიცით. მაგალითად, ცუდი პოლიტიკოსი რომ ვეძახო, შეიძლება ესეც შეურაცხყოფად მიიღონ. ქვეყანაში უკვე აღარავის აინტერესებს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები ან კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებები. „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონთ, რომ მათ ეძახიან მონებს, მოღალატეებს, აკრიტიკებენ მათთვის მიუღებელი ფორმით.. ამას საკმაოდ სოლიდური ჯარიმა მოსდევს, შეიძლება ადმინისტრაციული 45 დღიანი პატიმრობაც კი გამოიწვიოს, ამიტომ ეს თითოეული ადამიანისთვის თვითცენზურის დაწესების მცდელობაა, ესეც ცენზურის კანონია თავისთავად. არ უნდა გავაკრიტიკოთ პოლიტიკოსი იმგვარად რომ მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.
ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ ამ ჩანაწერებით კრძალავს კრიტიკას, კრძალავს შეკრებას. შინაარს თუ გავაანალიზებთ, ფაქტობრივად შეკრებისა და კრიტიკული გამოხატვის ყველა ფორმა ამ კანონით არის აკრძალული. ამიტომ ეს არის ტოტალურად აკრძალვის კანონმდებლობა,“ - განაცხადა სიმონიშვილმა.