„წელს ტრიქინელოზის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 2023 წელს, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყო 5 შემთხვევა,“ - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ” მოკვლევა დაიწყო. როგორც ცნობილია, „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი.
ცნობისთვის, ტრიქინელოზი ადამიანზე მხოლოდ დაავადებული ხორცის ჭამით გადადის. როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა აღნიშნა, სავალდებულოა, რომ ნებისმიერი ხორცი შემოწმდეს ვეტერინარის მიერ.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე წელს ტრიქინელოზის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 2023 წელს, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყო 5 შემთხვევა, რაც ოფიციალურად დადასტურდა. ორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში სავალდებულოა ვეტერინარმა ნებისმიერი ცხოველის ხორცი შეამოწმოს. შემოწმება ხდება სასაკლაოზე, სადაც ცხოველი როგორც დაკვლის წინ, ასევე დაკვლის შემდეგ მოწმდება, ვეტერინარმა ზუსტად იცის სად არის ის ადგილები, სადაც შეიძლება ტრიქინელას ჭია ბუდობდეს. კონკრეტულია ადგილებია, იმიტომ რომ მას აქვს კაფსულები სპორების სახით და სპორებში შეიძლება იყოს გადასული. ვეტერინარმა ეს იცის და სწორედ ამ ადგილებს ამოწმებს. სუფთა ხორცს ვეტერინარი არტყამს ბეჭედს, ეს ნიშნავს იმას რომ ხორცი შემოწმებულია და უვნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ერთადერთი თავის დაცვის საშუალება ეს არის. ეს არ ეხება გარე ვაჭრობას, გარე ვაჭრობა ვერ კონტროლდება,“ - განაცხადა ირაკლი არაბულმა.
რაც შეეხება სიმპტომებს, „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა, ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, იმ ნიშნებზე, რაც ახასიათებს ამ დაავადებას თუ ის ადამიანს აქვს.
„როდესაც ადამიანი დასნებოვნებულ ხორცს მიიღებს, პირველი შეგრძნება გულის რევა და დისკომფორტია, შესაძლოა, ფაღარათიც გამოიწვიოს, შემდეგ ეს თითქოს განელდება. 2-3 კვირის შემდეგ ლარვები განივზოლიან კუნთებში იბუდებენ და ამ დროს თვალების, სახის შეშუპება იწყება, ასევე სახსრებისა და კუნთების ტკივილი. უმძიმესი დაავადებაა, რადგან ესაა პარაზიტი და პარაზიტისგან გათავისუფლებას საკმაოდ მძიმე პრეპარატები სჭირდება. მარტივად რომ გითხრათ, შხამი სჭირდება, რათა პარაზიტი მოკლას. ორგანიზმი ბოლოს განიკურნება, მაგრამ მკურნალობის პროცესმა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვიოს, სხვა რამ შეიძლება, დაზიანდეს. პარაზიტისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული, სარისკო საქმეა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაავადება ფატალურადაც დასრულებულა,“ - აღნიშნა მიხეილ სოხაძემ.