2025 წელს ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას „სატრანსპორტო კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.
TCRC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მულტიმოდალური ტერმინალი ფოთში პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ერთ-ერთ საყრდენ წერტილს წარმოადგენს. ყაზახური მხარის განმარტებით, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიცირებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტია.
„როდესაც ასეთი სახის პროექტებზეა საუბარი, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მთელ სიგრძეზე სინქრონულად ხორციელდება საკონტეინერო სიმძლავრეების ფორმირების პროცესი, დაწყებული საკონტეინერო მატარებლების ფორმირების წერტილიდან – ჩინეთსა და ყაზახეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელზე, სინაის ტერმინალიდან და ფოთის ნავსადგურის გავლით, სრულდება რუმინეთის – კონსტანცის და ბულგარეთის – ვარნის დამაბოლოებელ წერტილებში. ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტების სინქრონიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დერეფნის გასწვრივ გამართული სატერმინალო ქსელის შესაქმნელად.
ყაზახური მხარის PTC Holding საქმიანობა მისასალმებელია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მლნ დოლარია. ტერმინალი განთავსებულია 8 ჰექტარ ფართობზე, მისი წლიური სიმძლავრე – 80 000 TEU. ერთდროულად შესაძლებელია საკონტეინერო მოედანზე 6 000 TEU ს დამუშავება.
როგორც ყაზახეთისათვის ასევე საქართველოსათვის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, მაგალითისათვის 2023 წლის, მსოფლიო ბანკის Logistics Perfomanse Index (LPI) ის მიხედვით, საქართველოს და ყაზახეთს ერთნაირი 2.7 ქულიანი შეფასებით 79 – ე საფეხური უკავიათ.
აღნიშნული ინდექსის მიხედვით ფასდება ნებისმიერი ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობები, ამასთან შეფასება ხორციელდება ექვსი ქვეკომპონენტის მიხედვით.
2.7 ქულა – ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოთა რანგს განეკუთვნება, აღნიშნული შეფასება მნიშვნელოვნად ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების ქვეყნების მაჩვენებლებს, რომელიც 3.2 დან – 3.6 მდე ფარგლებში მერყეობს.
საქართველოს დღევანდელი 2.7 ქულა ვერ ჩაითვლება, ლოგისტიკური შესაძლებლობების ამბიციის მქონე ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად.
გასათვალისწინებელი ის გარემოება, ლოგისტიკური ინდექსის (LPI), ექვსიდან ერთ – ერთი ძირითადი ქვეკომპონენტის – ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს – 2.3 ქულით, მსოფლიოში, არცთუ მაღალი – 108 – ე ადგილი უკავია.
საქართველო, ლოგისტიკის ინდექსის ინფრასტრუქტურის ქვეკომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 – ე საფეხური, სომხეთი – 76 – ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე – 80 საფეხური, ბელარუსი და რუსეთი – 68 – ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკრაინა – 89 – ე საფეხური.
ფაქტობრივად ინფრასტრუქტურის მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.
ლოგისტიკური ინდექსის ანალიზი, ნათლად მიუთითებს, ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე, ამასთან მისასალმებელია ფოთის ნავსადგურში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის განხორციელება“, - ვკითხულობთ TCRC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.