ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების იმპორტი განახორციელა

საქართველოში იმპორტი 8%-ით გაიზარდა. 2024 წელს 16.87 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი 15.6 მილიარდი აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელმა კომპანიებმა განახორციელეს ყველაზე მეტი ღირებულების იმპორტი გასულ წელს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის ტოპ 10 კომპანია:

სს „გეფა“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად „ჯიპისის“ სახელით ახორციელებდა საქმიანობას. რამდენიმე რეორგანიზაციის შემდეგ, საბოლოოდ, 2017 წელს „ჯიპისიმ“ გადაირქვა სახელი და დღეს მას ვიცნობთ როგორც სს „გეფა“. Reportal-ზე არსებული მონაცემებით, სააქციო საზოგადოების წილების 97.6%-ს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, დანარჩენ 2.4%-ს კი მიხეილ აბრამიძე ფლობს;

შპს „ავერსი-ფარმა“ 1999 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ქსოვრელია. წილების 67%-ს პაატა კურტანიძე ფლობს, ხოლო 33%-ს - ნიკოლოზ კურტანიძე;

შპს „პსპ ფარმა“ სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს დარეგისტრირდა. წილების 95%-ს კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ს თენგიზ ჯამელაშვილი ფლობს. რეესტრში კომპანიის დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი ფიქსირდება;

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე რომან პეტრაშოვია. წილებს სრულად ავსტრიაში დაფუძნებული კომპანია შპს LUKOIL INTERNATIONAL GMBH ფლობს;

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“) - კომპანია რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ამერიკის მოქალაქე ქრეიგ სთივენ ქრამერია, წილებს კი სრულად აშშ-ში დაფუძნებული კომპანია შპს Energy Investment Venture Holdings-ს ფლობს;

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – ანგარიშგების პორტალზე ბოლო, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, სააქციო საზოგადოება 2022 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის აქციონერები არიან: შპს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“ (მალტა) 61.95%-იანი წილით; შპს „სტანდარტ ოილ ჰოლდინგი“ (საქართველო) 10.87%-იანი წილით, ლევან ფხაკაძე (საქართველო) 2.18%-იანი წილით და შპს „ჰელვეცია პეტროლიუმ“ (მალტა) 25%-იანი წილით. სამეთვალყურეო საბჭო კი შედგება სამი წევრისგან: სამსონ ფხაკაძე (თავმჯდომარე), ლევან ფხაკაძე (წევრი) და ნუგზარ აბრამიშვილი (წევრი).

შპს „ალტა“ 1998 წელს დარეგისტრირდა. მის დირექტორად სამეწარმეო რეესტრში კახა ჭოველიძე ფიქსირდება. კომპანიის წილების უდიდეს ნაწილს, 47.8%-ს შპს „შპს დაგეტა კაპიტალი“, 28.6%-ს - თეა კაკაბაძე, 7.39%-ს - ნანა კასრელიშვილი, 5%-ს - ლევანი ნიკოლაიშვილი ფლობენ, დანარჩენ წილებს კი 11 პირი ინაწილებს.

შპს „ზუმერი ჯორჯია“ – 2009 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი დავითი კვარაცხელიაა. ვაჟა რეხვიაშვილი და დიმიტრი კიკაჩეიშვილი წილების 20-20%-ს ფლობენ, 24%გიორგი მუშკუდიანის, 16% კი გოჩა სამხარაძის მფლობელობაშია, დარჩენილ წილებს 3 პირი ინაწილებს.

შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“ 2004 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი - ალექსანდრე ვეკუა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელია. წილების 27.9%-ის მფლობელი ლევან სურგულაძეა, თუმცა მის წილებს საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი სურგულაძე განკარგავს. ამასთანავე, გიორგი სურგულაძე თავის მხრივ წილების 34.875%-ს ფლობს. კომპანიის წილების 10%-ის მფლობელი დავით გულაშვილი, ხოლო დარჩენილი 27.225%-ის მფლობელი გიორგი გულაშვილია.

შპს „ტოიოტა კავკასიას“ წილებს სრულად იაპონიაში დაარსებული „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ“ ფლობს. საქართველოში 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი იაპონელი კოჯი მათსუნო, ხოლო დირექტორი ირაკლი ლეკიშვილია.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მერი ტაბატაძე