ბრიუსელსა (ბელგია) და ვენეციას (იტალია) შორის მოძრაობა პირდაპირმა მატარებელმა დაიწყო.
ინფორმაცია კომპანია European Sleeper-ის ვებგვერდზე ვრცელდება, რომელიც რეისებს ამ ორ პოპულარულ ტურისტულ ქალაქს შორის შეასრულებს.
პირველ რეისზე მატარებელი სადგურ Bruxelles Midi/Brussel Zuid-იდან 5 თებერვალს, 18:06 საათზე გავიდა და ვენეციის სანტა-ლუჩიას სადგურზე მეორე დღეს, 16:50 საათზე ჩავიდა.
ამდენად, მატარებელი მარშრუტს, თითქმის, 23 საათში გადის და გზაზე, ბელგიისა და იტალიის გარდა, ნიდერლანდების, გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებშიც ჩერდება. კერძოდ, ბრიუსელი-ვენეციის პირდაპირი მატარებლის მარშრუტი შემდეგ ქალაქებს მოიცავს: ბრიუსელი (ბელგია), ბრედა (ნიდერლანდები), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), კიოლნი (გერმანია), მიუნხენი (გერმანია), ინსბრუკი (ავსტრია), ბოლცანო (იტალია), ვერონა (იტალია) და ვენეცია (იტალია).
ამჟამად მთელ მარშრუტზე ბილეთის ფასი დასაჯდომი ადგილისთვის 79 ევროდან, ხოლო ექვსადგილიან დასაწოლ კუპეში მგზავრობისთვის 179 ევროდან იწყება. ყველაზე ძვირი ღირს სამადგილიანი დასაწოლი კუპეები პირსაბანით, რომლის მომსახურებაში საუზმეც შედის. ბილეთის ფასი 259 ევროდან იწყება.
მატარებელი ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს. ბრიუსელიდან შემდეგი რეისი 14 თებერვალს, ასევე, 4 და 12 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო ვენეციიდან საპირისპირო მიმართულებით მატარებლები 18 თებერვალს, ასევე, 8 და 16 მარტს გაემგზავრებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ