Google Maps-მა აშშ-ის მომხმარებლებისთვის მექსიკის ყურის სახელი “ამერიკის ყურედ” შეცვალა, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ის ორმაგი სახელით იძებნება და “მექსიკის ყურესთან” ერთად ფრჩხილებში “ამერიკის ყურე” არის მითითებული.
ინფორმაციას The Verge ავრცელებს.
Google Maps-ში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ფლორიდის შტატს შორის გადაჭიმული წყლის სივრცის სახელი ოფიციალურად შეცვალა.
Google-ში აცხადებენ, რომ გეოგრაფიული სახელების საინფორმაციო სისტემასთან (GNIS) შესაბამისობით მოქმედებენ, რომელიც ადგილმდებარეობის შესახებ ამერიკული მონაცემთა ბაზაა.
თუმცა მექსიკელი მომხმარებლებისთვის დასახელება “მექსიკის ყურედ” დარჩება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ამ ორიგინალურ დასახელებას ფრჩხილებში “ამერიკის ყურე” მიეწერება.
Google ამბობს, რომ მობილური ოპერაციული სისტემის, SIM-ბარათისა და ქსელის გამოყენებით მომხმარებლის ადგილმდებარეობასთან ერთან იმასაც განსაზღვრავს, დასახელების თუ რომელ ვერსიას ხედავს ის.
მაგიდის კომპიუტერების მომხმარებლები ცვლილებებს ძიების პარამეტრების ან მათი მოწყობილობის მდებარეობის მიხედვით დაინახავენ.
კომპანია Apple-ს ცვლილებები Apple Maps-ში ჯერ არ შეუტანია და მასში ძებნა ამერიკის ყურედან მექსიკის ყურეზე არის გადამისამართებული. ცვლილებები არ უფიქსირდება არც სხვა კარტოგრაფიულ კომპანიებს, როგორიც, მაგალითად, MapQuest-ია.
ცნობისთვის: 21 იანვრის ინაუგურაციისთანავე დონალდ ტრამპმა დაუყოვნებელი ბრძანებებით აშშ-ის ორი გეოგრაფიული ობიექტის დასახელება შეცვალა. კერძოდ, მექსიკის ყურეს ახალი სახელი, ”ამერიკის ყურე” დაერქვა, ხოლო კონტინენტის უმაღლესმა დენალის მთამ, რომელიც ალიასკაზე მდებარეობს, “მაკკინლის მთის” სახელი დაიბრუნა. 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ Google Maps-ი მექსიკის ყურის გადარქმევას დათანხმდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ