810 000-ზე მეტმა ინვესტორმა, ვინც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტა $Trump-ში ფული ჩადო, ტოკენის ფასის დაცემის შემდეგ 2 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა.
ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
ამასთან, Chainalysis-ის მონაცემებით, ტრამპის ოჯახმა და მათმა პარტნიორებმა სავაჭრო გადახდების სახით, თითქმის, 100 მლნ დოლარი მიიღეს, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯერ არ არის განაღდებული.
პირველმა ინვესტორმა, რომლის სახელი უცნობია, ტრამპის მემეკოინში, თითქმის, 1.1 მლნ დოლარის ინვესტიცია მანამ ჩადო, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი მონეტის გაშვების შესახებ შეტყობინებას გამოაქვეყნებდა. მაშინ ტოკენის ფასი 0.18 დოლარს შეადგენდა. შედეგად ინვესტორმა ორ დღეში 109 მლნ დოლარი მოიგო. კრიპტოანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრეიდერი შიდა ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდა.
კიდევ ერთმა ტრეიდერმა ტოკენები მათი გამოშვებიდან ორი წუთის შემდეგ შეიძინა, შემდეგ კი ყველა მემეკოინი ნახევარ საათზე ნაკლებ დროში გაყიდა და 2.7 მლნ დოლარის მოგება ნახა.
საერთო ჯამში, $Trump-ით 700 000-ზე ოდნავ ნაკლებმა ინვესტორმა ისარგებლა. ყველაზე მომგებიანი პირველი ინვესტიციები იყო, რომლებმაც 31 ტრეიდერს რამდენიმე დღეში 669 მლნ დოლარის მოგება მოუტანა.
ტრამპის მემეკოინის ფასმა 75 დოლარს სწრაფად მიაღწია, რის შემდეგაც დაცემა დაიწყო. ამჟამად, $Trump-ის ფასი 17 დოლარის დონეზე მერყეობს.
New York Times-ის ცნობით, ტრამპის მონეტის ჩამოშლის შედეგად 810 000-ზე მეტმა ინვესტორმა 2 მლრდ დოლარზე მეტი იზარალა. მთლიანი დანაკარგი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან თანხა არ მოიცავს ტრანზაქციებს, რომლებიც კრიპტოვალუტის პოპულარულ ბირჟებზე მოხდა. ამ ბირჟებმა მონეტის შეთავაზება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისი ფასი გაიზარდა.
მემეკოინ $Trump-ის დებიუტი პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპის ოჯახმა ახალი კრიპტოტოკენი პირდაპირ ჩვეულებრივ ინვესტორებზე გაყიდა.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP-ის გამოშვება 18 იანვარს გამოაცხადა. 19 იანვარს მელანია ტრამპმა მემეკოინი, $MELANIA გამოუშვა, რამაც მისი ქმრის კრიპტოვალუტის 40%-ით ჩამოშლა გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დონალდ და მელანია ტრამპების მემეკოინები 60%-ით დაეცა. Coinbase-ის 3 თებერვლის მონაცემებით, ტრამპმა თავისი კრიპტოვალუტიდან 802 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ