ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
მეთ დეიმონმა და დევიდ ბექჰემმა ლუდის რეკლამაში ტყუპი ძმების როლი ითამაშეს

Stella Artois-ის ლუდის რეკლამა, რომელშიც ამერიკელი მსახიობი, მეტ დეიმონი და ბრიტანელი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მონაწილეობენ, პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჩემპიონატის, ანუ Super Bowl-ის ეთერში გავიდა.

ინფორმაციას The Drinks Business ავრცელებს.

60-წამიანი სარეკლამო რგოლი Super Bowl-ის გადამწყვეტი მატჩის შესვენების დროს გავიდა ეთერში. რეჟისორი ჰოლივუდის მსახიობი, ბენ აფლეკია.

სცენარის მიხედვით, დეიმონი ბექჰემის ტყუპი ძმაა, რომელიც ამერიკაში სხვა დევიდის სახელით ცხოვრობს. ფეხბურთელი აშშ-ში ძმასთან შესახვედრად მიფრინავს. ისინი ერთად სვამენ ლუდს და განიხილავენ, თუ რა დონის ცნობადობა სურს ბექჰემის ძმას, როგორი ცნობილიც მეთ დეიმონი თუ ბენ აფლეკია?!

Drinks Business წერს, რომ ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა ეთერში გასული რეკლამიდან Stella Artois-ის რეკლამა ყველაზე სახალისოდ მიიჩნია. მაგალითად, წაგებული გუნდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა განაცხადა, რომ “რეკლამა მეტ დეიმონისა და დევიდ ბექჰემის მონაწილეობით მთელი ფიასკოს საუკეთესო ნაწილი იყო.”

ეს დევიდ ბექჰემის მონაწილეობით პირველი ლუდის რეკლამა არ არის. გასულ წელს ფეხბურთელი საოჯახო ლუდსახარშ PerfectDraft-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა, რომელიც, ასევე, Stella Artois-ის ბრენდთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ცნობისთვის: Super Bowl-ის ეთერში გასული რეკლამა რეალურ დროში 100 მილიონზე მეტი ტელემაყურებლის აუდიტორიას მოიცავს. ამ დროს რეკლამის განთავსების ღირებულებამ შესაძლოა, 8 მლნ დოლარს მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ