Kaspi.kz-ის მაჟორიტარ აქციონერს ყაზახეთის მეექვსე უდიდესი Jusan Bank-ის შეძენა სურს

ვიაჩესლავ კიმმა, რომელიც მიხეილ ლომთაძის შემდეგ ფინტექკომპანია Kaspi.kz-ის მაჟორიტარი აქციონერია, ყაზახეთში აქტივების მიხედვით მეექვსე უდიდესი ბანკის, Jusan Bank-ის შესაძენად წინადადება წარადგინა.

ამის შესახხებ Kaspi.kz-ის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

კერძოდ, ყაზახეთის ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოში კიმმა განაცხადი Jusan Bank-ის აქციების 97,5%-ის შეძენაზე შეიტანა. სააგენტოს პრესსამსახურმა Reuters-ს განუცხადა, რომ ვიაჩესლავ კიმის განცხადება 50 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილება.

თავად კიმი მოელის, რომ მარეგულირებელი დეტალური შესწავლის შემდეგ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამ გარიგებას Kaspi.kz-თან არანაირი კავშირი არ აქვს.“ კიმი მომავალი გარიგების ღირებულებას ან ბანკის განვითარების გეგმებს არ ასაჯაროებს.

ყაზახეთის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ პირს, დამოუკიდებლად ან სხვა პირთან ერთად, არ აქვს უფლება, ბანკის ძირითადი მონაწილის ან ბანკის ჰოლდინგის სტატუსი მოიპოვოს.

2023 წლის ივნისში Jusan Group, რომელშიც Jusan Bank შედის, სახელმწიფო კონტროლს დაუბრუნდა.

ცნობისთვის: 1-ლი იანვრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები არიან: მიხეილ ლომთაძე (22.6%), ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.68%). 2024 წლის იანვარში აქციონერებმა Nasdaq-ზე IPO-ს მეშვეობით თავიანთი აქციების ნაწილი გაყიდეს და 1.04 მლრდ დოლარი მიიზიდეს. Kaspi.kz ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო ბანკის, Kaspi Bank-ის მფლობელია. მიმდინარე კვირას თურქულმა წამყვანმა მარკეტპლეის Hepsiburada-მ, რომლის 65,41%-იანი წილიც Kaspi.kz-მა იანვარში შეიძინა, მიხეილ ლომთაძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია. Hepsiburada-ს 9-კაციან გამგეობაში Kaspi.kz-დან კიდევ ორი ქართველი, თენგიზ მოსიძე და სანდრო ბერძენიშვილი შევიდნენ. მოსიძე Kaspi.kz-ში ფინანსებზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ბერძენიშვილი Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ