ევროპარლამენტი დღეს მიღებული რეზოლუციით, მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს მიზნობრივი სანქციები დაუწესონ.
ამასთან, ევროპარლამენტი გამოდის მოწოდებით, გაიყინოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კომპანიების ყველა აქტივი ევროკავშირში. გარდა ამისა, რეზოლუციით მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და პირადი სანქციები დაუწესოს მას.
გარდა ივანიშვილების ოჯახისა და კომპანიებისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრს სახელმწიფოებს განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, და „ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს მათ, გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის “იმედი ტვ”, “პოს ტვ” და „რუსთავი 2 “ - მათი როლისთვის დეზინფორმაციის გავრცელებასა და მცდელობებისთვის მოახდინონ საჯარო დისკურსის მანიპულაცია, რათა შეინარჩუნონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობა”, - აღნიშნული იყო რეზოლუციის პროექტში.
ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.