„ნეტო აღრიცხვის მთავარი სულისკვეთება ძირითადად, საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილებაა. მაგრამ ჩვენთან დეველოპერების დიდმა ნაწილმა გააკეთა 500 კვტ.სთ-იანი ბიზნესპროექტები და ყიდიან პროექტებად,“ - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე შესაძლოა 5-ჯერ შემცირდეს. კერძოდ, „სემეკი“ აპირებს, რომ მზის ელექტროსადგურებისთვის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-მდე შეამციროს. მარეგულირებლის განმარტებით, ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ბაზარზე 14%-იანი ლიმიტიც შეივსო, რაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს უქმნის. თუმცა, ბიზნესები, რომლებიც ქვეყანაში მწვანე ენერგიას გამოიმუშავებენ, ამბობენ, რომ ამ ცვლილებით სფერო ინვესტირების კუთხით არამიმზიდველი გახდება.
რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკ-ის თავმდჯომარე განმარტავს თუ რატომ არის საჭირო მზის ელექტროსადგურებისთვის დადგმული სიმძლავრის შემცირება.
„მიმდინარე თვის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ ელექტროენერგიის მიკრომწარმოებლებისთვის დადგმული სიმძლავრის 5-ჯერ შემცირების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ ხელოვნურად კი არ ვამცირებთ სიმძლავრეს, როგორც კი დადგენილ 14 %-იან ზღვარს მიაღწია, ავტომატურად ჩამოვიდა 100 კვტ.სთ-მდე. რეფორმას რომელსაც ვატარებთ ორიენტირებულია ევროპასთან ენერგეტიკული ინტეგრაციისკენ. ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომელიც 2016 წელს შემოვიღეთ, მესამე ევროპული პაკეტიდან გამომდინარეობდა და ეტაპობრივად განვავითარეთ. შემდეგ ევროპამ მიიღო მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი. ჩვენც შევუერთდით მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტს და ვიწყებთ რეფორმებს. ევროპა ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადავიდა და ჩვენც უნდა გადავიდეთ ამ ახალ სისტემაზე.
რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებიდან. ყველა დეველოპერს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, გავაცანით რეკომენდაციები და ყველა ინფორმირებულია რომ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე უნდა გადავიდეთ.
ნეტო აღრიცხვის მთავარი სულისკვეთება ძირითადად, საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილებაა. მაგრამ რა მოიმოქმედეს ჩვენთან?! დადგნენ დეველოპერები, მათმა დიდმა ნაწილმა გააკეთა 500 კვტ.სთ-იანი ბიზნესპროექტები და ყიდიან პროექტებად. არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, არამედ ბიზნესად. ნეტო აღრიცხვა არ არის ბიზნესი.
დღეს რომ ნეტო აღრიცხვის სისტემა ქსელური გადასახადისგან გვაქვს განთავისუფლებული, ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა აბონენტი მის ტარიფში ამ კომპონენტს იხდის. ყველა მომხმარებლის ხარჯზე ვერ ვახეირებთ პირებს, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ ამით ბიზნესი გააკეთონ. მთავარი რატომაც ამას აკეთებდნენ იყო, რომ ქსელური გატარების შეღავათი დავადგინეთ გარკვეული წახალისების მიზნით, მაგრამ ეს მუდმივი ვერ იქნება.
როგორც უკვე გითხარით, ევროპა უკვე გადავიდა ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე და ჩვენც გადავდივართ. პარლამენტი როგორც კი საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, ჩვენ წესი მზად გვაქვს და დავიწყებთ ამ წესის საჯარო განხილვებს დაინტერესებულ პირებთან. 2026 არის ის ვადა, როდესაც აუცილებლად უნდა გადავიდეთ ახალ წესზე. ჩვენ ვფიქრობთ, ეს უფრო მალე - წელსვე მოხდეს. მანამდე კი დასაშვები იქნება 100 კვტ.სთ-იანი სადგურების გაკეთება, რომელიც იქნება ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.