რუსული ნავთობტანკერების 60%-ზე მეტი სანქციების გამო გაჩერებულია

რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ აშშ-ის ბოლო სანქციებმა რუსული ტანკერების უმეტესობის გაჩერება გამოიწვია - ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც ცნობილია, 10 იანვარს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანია Gazprom Neft-სა და Surgutneftegaz-ს, ასევე, “ჩრდილოვანი ფლოტის” 180 ტანკერსა და გემების დაზღვევის პროვაიდერებს, “ინგოსსტრახსა” და “ალფასტრახოვანიეს” სანქციები დაუწესა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაციის “გამოსამშვიდობებელ” სანქციებში მოხვედრილი 154 ტანკერიდან 94-მა რუსული ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტა.

თუმცა, Bloomberg-ის შეფასებით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმაზე, თუ რა ბედი ეწევა დარჩენილ ტანკერებს, რომლებიც 10 იანვრიდან სანქციების ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ კვლავ ოპერირებენ.

44 ტანკერიდან, რომლებიც “შავ სიაში” მოხვედრის შემდეგ დაიტვირთა, 20 ექსკლუზიურად რუსეთის ფარგლებში დაცურავს. კიდევ ცხრა სპეციალიზებული გემიდან, რომლებიც დალნივოსტოკში, სახალინის კუნძულზე ორ პროექტს ემსახურებიან, უმეტესობას ტვირთისგან დაცლა უჭირს. სანქციების გამო გაუყიდავი რუსული ნავთობის შესანახი საცავები სახალინზე არაა.

“ჩრდილოვანი ფლოტის” მეხუთედი, რომელსაც, შეზღუდვების მიუხედავად, ნავთობი გადაჰქონდა, სანქციების ქვეშ მოექცა. მთლიანობაში, სანქცირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა. ამ ტანკერებისთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების, ინდოეთისა და ჩინეთის ზოგიერთი პორტიც დაიკეტა. ისინი მოითხოვენ, რომ ნავთობი მიაწოდონ გემებმა, რომლებიც „შავ სიაში“ არ მოხვედრილან. ამასთან, ინდოეთისა და ჩინეთის ქარხნები, რომლებიც რუსეთის საზღვაო ნავთობექსპორტის, თითქმის, 90%-ს ყიდულობენ, დაჩქარებული წესით ეძებენ ალტერნატიულ მიმწოდებლებს საუდის არაბეთში, ერაყსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

სასანქციო დარტყმის ქვეშ პირველები არქტიკული საბადოები ხვდებიან, სადაც რუსეთი დღეში 300 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებს: ისინი ყინულის კლასის ტანკერების გარეშე დარჩნენ, რომელთა ჩანაცვლებაც შეუძლებელია. S&P Global-ის თანახმად, „შავ სიაში“ მოხვედრილ ტანკერებს რუსეთის საზღვაო ნავთობექსპორტის ნახევარი, ანუ დღეში 1,5 მლნ ბარელი გადააქვთ. აქედან, დაახლოებით, 1 მლნ ჩინეთში, ხოლო 500,000 ბარელამდე ინდოეთში იგზავნება.

Reuters ნავთობკომპანიების სამ ტოპმენეჯერზე, ტრეიდერებსა და საპორტო აგენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ბოლო სანქციებიდან, ანუ 10 იანვრიდან ერთ თვეში რუსეთის ნავთობკომპანიებს 17 მლნ ბარელი გაუყიდავი ნავთობი დაუგროვდათ, ხოლო ტანკერები, რომლებშიც ეს ნავთობი არის ჩატვირთული “მცურავ საცავებად” გადაიქცნენ. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ზაფხულის დასაწყისისთვის ამჟამინდელი გაუყიდავი მოცულობა, ანუ 17 მლნ ბარელი შესაძლოა, 50 მლნ ბარელამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის: ამჟამად რუსეთი დღე-ღამეში 8,9 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რითაც მოპოვების შემცირების შესახებ OPEC+-ის შეთანხმებას ასრულებს. ამდენად, 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, როცა წარმოება დღე-ღამეში 11,25 მლნ ბარელს შეადგენდა, რუსეთის ნავთობმოპოვება უკვე 20%-ით არის შემცირებული. “ალფა-ბანკის” შეფასებით, სანქციების გამო რუსეთმა ნავთობექსპორტის მოცულობიდან შესაძლოა, დღეში 800 ათას ბარელამდე დაკარგოს. ეს ყოველი მესამე ბარელია, რომელიც ტანკერებს საზღვაო გზით პორტებიდან გააქვთ. რუსეთის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ექსპერტები წერენ, რომ ასეთი დანაკარგი რუსეთის ეკონომიკას ყოველწლიურად, დაახლოებით, 50 მლრდ დოლარის საექსპორტო შემოსავალს წაართმევს და შესაძლოა, დოლართან მიმართებაში რუბლის 130-ზე მეტ დონემდე დევალვაცია გამოიწვიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ