“რუსული სახლი” აზერბაიჯანის შემდეგ მოლდოვამაც დახურა

მოლდოვამ გადაწყვიტა, კიშინიოვში “რუსული სახლი” მას შემდეგ დახუროს, რაც რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შემთხვევა 13 თებერვალს, ღამით მოხდა. უწყების ცნობით, რამდენიმე რუსული უპილოტო თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთით, უკრაინის საზღვართან, საჰაერო სივრცის გადაკვეთისას დაფიქსირდა. ორი მათგანი სოფელ ჩუმაისთან და გაგაუზიის ავტონომიურ ტერიტორიაზე, ქალაქ ჩადირ-ლუნგასთან ჩამოვარდა.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ოზეროვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას ოფიციალური პროტესტი გამოუცხადეს და ჩამოვარდნილი დრონების ნაწილები აჩვენეს. ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კულტურული ცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებაზე მოლდოვასა და რუსეთს შორის 1998 წელს ხელმოწერილი სამთავრობათაშორისო შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

„ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ კიშინიოვში რუსული კულტურის ცენტრი საქმიანობას შეწყვეტს,” - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

ერთი კვირის წინ “რუსული სახლი” შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან აზერბაიჯანმაც გააძევა. კერძოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ქვეყანაში ფედერალური სააგენტო “როსსოტრუდნიჩესტვოს” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რაც, ბაქოს მტკიცებით, “აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დაცვისა და საშინაო საქმეებში გარე ჩარევის აღკვეთის მიზნით გაკეთდა.” ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ “რუსული სახლის” ე.წ. დონორობა რეალურად “გაუმჭვირვალე სქემებს ეფუძნება, ხოლო ორგანიზაციის სტრუქტურა აშკარა სადაზვერვო ხასიათს ატარებს.”

აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბაქოში „რუსული სახლის“ შენობა კონტროლზე აიყვანეს, რომელიც “როსსოტრუდნიჩესტვოს” შტაბ-ბინაა.

ცნობისთვის: “როსსოტრუდნიჩესტვო” ოფიციალურად 2008 წელს დსთ-ისა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისთვის, საზღვარგარეთ თანამემამულეების მხარდასაჭერად და ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის შეიქმნა. სააგენტოს ერთ-ერთი ამოცანა „თანამედროვე რუსეთზე ობიექტური შეხედულების საზღვარგარეთ გავრცელების ხელშეწყობაა.“ “როსსოტრუდნიჩესტვო” მსოფლიოს 80 ქვეყანაში არის წარმოდგენილი. ის უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება. სააგენტოს ევგენი პრიმაკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც სსრკ-ის დაზვერვის ცენტრალური სამსახურისა და შემდგომში ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორის, ასევე, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ “როსსოტრუდნიჩესტვო” ევროკავშირმა დაასანქცირა. შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებაში წერია, რომ სააგენტო “მთავარი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც კრემლის რბილ ძალასა და ჰიბრიდულ გავლენას აპროექტებს, მთ შორის, “რუსული სამყაროს” (“Русский мир”-ის) კონცეფციას ავითარებს.” კერძოდ, ევროკავშირის ცნობით, “როსსოტრუდნიჩესტვო” მრავალი წლის განმავლობაში რუსი თანამემამულეებისა და გავლენის აგენტების ქსელისთვის ქოლგა-ორგანიზაციას წარმოადგენდა. სააგენტო, ასევე, აფინანსებდა „სახალხო დიპლომატიისა და სხვადასხვა პროპაგანდისტულ პროექტებს, პრორუსი მოთამაშეების საქმიანობის კონსოლიდაციას ახდენდა და კრემლის ნარატივებს, განსაკუთრებით, ისტორიულ რევიზიონიზმს ავრცელებდა.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ