საწვავის შემდეგ ხე-ტყე - რუსეთის სატყეო მრეწველობამ საექსპორტო ბაზრის მესამედი უკვე დაკარგა

საწვავის ექსპორტის შემდეგ, რუსეთს პრობლემები ხე-ტყის გასაღებასთან დაკავშირებითაც შეექმნათ. რუსეთის ხე-ტყის ინდუსტრია სანქციების გავლენის შედეგად ჩამოშლის პირასაა, ხოლო კომპანიები თავიანთი პროდუქციის ახალი ბაზრებისთვის იბრძვიან - ამის შეხარის Daily Express წერს.

გამოცემის ბოლო მონაცემებით, ხე-ტყის რუსულმა კომპანიებმა სანქციების შედეგად საექსპორტო ბაზრის მესამედი დაკარგეს.

Daily Express-ის ცნობით, ბოლო სექტორი, რომელმაც ეკონომიკური სირთულეები განიცადა, რუსეთის ხე-ტყის მრეწველობაა. კერძოდ, ახალი მაჩვენებლებით, ინდუსტრიამ, თითქმის, 5 მლრდ გირვანქა სტერლინგის (6.3 მლრდ დოლარის) საექსპორტო შემოსავლები მას შემდეგ დაკარგა, რაც ბაზრების მესამედზე წვდომა შეუჩერდა.

ტყის რესურსებით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რომლის მარაგიც 82 მლრდ კუბური მეტრს შეადგენს.

ამასთან, გამოცემა tendata.com-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხე-ტყის მრეწველობის წლიური ღირებულება 25 მლრდ გირვანქა სტერლინგს (31.5 მლრდ დოლარს) აღემატება, რაც ქვეყნის მშპ-ის, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს.

“პუტინი მზარდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რადგან ქვეყანა მთელი ძალით ცდილობს, მკაცრი სანქციების ორმაგ დარტყმასა და რეკორდულად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს (21%) გაუმკლავდეს, მითუმეტეს, ბანკის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ განაკვეთის შემდგომ ზრდას ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად,” - წერს ბრიტანული გამოცემა.

იხილეთ ასევე: რუსული ნავთობტანკერების 60%-ზე მეტი სანქციების გამო გაჩერებულია

მოამზადა ლადო სულაბერიძემ