ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის (ხმაო-იუგრას) გუბერნატორ რუსლან კუხარუკმა ხელისფლებას დაავალა, ოლქის ერთ-ერთი მთავარი ქალაქიდან სოხუმში მუდმივი ავიარეისის გახსნის შესაძლებლობა შეისწავლოს.
ამის შესახებ რეგიონულიმთავრობაში „კომერსანტს“ განუცხადეს.
ხანტი-მანსას ავტონომიური ოკრუგი ტიუმენის ოლქის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. ის ურალის ფედერალურ ოკრუგში შედის, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი, ხანტი-მანსისკია.
ხმაო-იუგრიში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტმა 30 წლის შემდეგ პირველად, სატესტო რეისის ფარგლებში, რუსეთიდან სამგზავრო თვითმფრინავი მიიღო.
„ჩვენ ვხედავთ იუგრას მცხოვრებლების ინტერესს აფხაზეთის, როგორც ტურისტული მარშრუტის მიმართ. ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის აფხაზეთის სანაპირო ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, მოვამზადოთ ერთიანი ტურისტული პაკეტი მათთვის, ვინც მზად არის ამ ზაფხულს და მომდევნო სეზონებზე აფხაზეთში დაისვენოს,“ - ამბობს კუხარუკი.
ცნობისთვის: ნიჟნი-ნოვგოროდის მერია აფხაზეთში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მუშაობს და ქალაქიდან სოხუმში პირველი თვითმფრინავები შესაძლოა, წელსვე ჩაფრინდნენ. ამჟამად მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის ვალდებულებას აიღებენ.
7 თებერვალს სოხუმის აეროპორტში, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, მოსკოვიდან სატესტო ფრენა განხორციელდა, რომელიც რუსეთის რეგიონულმა ავიაკომპანია “სამხრეთ-აღმოსავლეთ თათრეთი-აერომ,” ანუ UVT Aero-მ ბორტზე 21 მგზავრით შეასრულა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, საწყის ეტაპზე სოხუმში სწორედ UVT Aero იფრენს, ხოლო მარშრუტით, სულ მცირე, ორი რუსული ავიაკომპანია არის დაინტერესებული.
იხილეთ ასევე: მოსკოვის შემდეგ სოხუმში ფრენები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყება
მოამზადა ლადო სულაბერიძემ