ილონ მასკის სოციალური ქსელი, X (ყოფილი Twitter) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარჩელის მოსაგვარებლად, დაახლოებით, 10 მლნ დოლარის გადახდას დათანხმდა.
ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.
საქმე ეხება 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმს, რომლის შემდეგაც ჯეკ დორსის Twitter-მა როგორც პოლიტიკოსის, ასევე, მისი შეტყობინებების გამავრცელებელი სხვა აქაუნთები დაბლოკა. ანალოგიურად მოიქცა კომპანია Google და Meta-ც.
ამის საპასუხოდ ტრამპმა Twitter-ისა და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ასევე, Facebook-ისა და Alphabet-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი კონსერვატიული შეხედულებების უკანონო ჩახშობაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter შეიძინა, ტრამპის აქაუნთი კვლავ გააქტიურდა. მასკი ტრამპს დაუახლოვდა და მის წინასაარჩევნო კამპანიაზე 250 მლნ დოლარი დახარჯა. თავის მხრივ, ტრამპის გუნდი სარჩელის შეწყვეტას განიხილავდა.
X მეორე სოციალური ქსელი გახდა, რომელიც ტრამპის კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა. იანვარში მსგავსი სარჩელის მოსაგვარებლად ტრამპისთვის 25 მლნ დოლარის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება Meta-მაც მიიღო. მოელიან, რომ ტრამპის ადვოკატები Google-თანაც ანალოგიური შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ