პირველადი ჯანდაცვა სოფლად თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლის მოსახლეობისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სოფლის ექიმების განაწილების დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები არ არის შემუშავებული, რაც აფერხებს სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობის შეფასებას, საკადრო რესურსების რეალური საჭიროებებისა და ვაკანტური პოზიციების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას.
აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არათანაბარ პირობებშია პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მხრივ:
„ექიმებისა და ექთნების პროდუქტიულ მუშაობაზეა დამოკიდებული სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება. პროდუქტიულობის ერთ-ერთი საზომია ექიმების დატვირთვა, ასევე სოფლის ექიმს მართებს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა დაავადებების გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებული ექიმების დატვირთვა განსხვავებულია. კერძოდ, შერჩეული ტერიტორიული ერთეულების 28%-ში ერთი ექიმი მეორეზე სულ მცირე 70%-ით მეტ პაციენტს იღებს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს ექიმების განსხვავებულ პროდუქტიულობაზე.
გამოკითხული სოფლის ექიმების უდიდესი ნაწილი სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 0%-დან 19%-მდე გადამისამართებას ახორციელებს სკრინინგის პროგრამებში. სოფლის ექიმებს სამიზნე მოსახლეობის შედარებით მაღალი მოცვა აქვთ პროგრამით გათვალისწინებული სხვა მომსახურებების ფარგლებში, 3 თუმცა გამოწვევად რჩება ექიმების მხრიდან სამიზნე მოსახლეობის სრული მოცვა,“ - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.