რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დასაქმებული სოფლის ექიმების 43% და 67% არ ფლობს ოჯახის ექიმის კვალიფიკაციას - აუდიტის სამსახური

სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ფიქსირებულია და არ უწყობს ხელს ექიმის მოტივაციის ამაღლებას. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არ არსებობს ნათლად განსაზღვრული მოთხოვნები სოფლის ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

„სოფლის ექიმების პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ფაქტორებია: სოფლის ექიმის ანაზღაურების სისტემა და მათი კვალიფიკაცია.

სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ფიქსირებულია და არ უწყობს ხელს ექიმის მოტივაციის ამაღლებას. ანაზღაურებისას არ ხდება წინასწარ გაწერილი სხვადასხვა ინდიკატორისა და მაჩვენებლების ანალიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების მხოლოდ მცირე ნაწილი (19%) არ არის სერტიფიცირებული საოჯახო მედიცინაში, ანალიზით იკვეთება განსხვავებები რეგიონულ დონეზე. კერძოდ, საქართველოს ორ რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დასაქმებული სოფლის ექიმების 43% და 67% არ ფლობს ოჯახის ექიმის კვალიფიკაციას, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მათ პროდუქტიულობაზე.

სამინისტროს მიერ არ არის განსაზღვრული სოფლის ექიმისთვის გადამზადების აუცილებელი მინიმალური პაკეტი, არ არსებობს ნათლად განსაზღვრული მოთხოვნები სოფლის ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით,“- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

თაია არდოტელი