„არჩევნების შემდეგ ლარის ნელი გაუფასურება იყო სიგნალი, რომ ეკონომიკური სიტუაცია დამძიმდებოდა“ -  გიორგი ხიშტოვანი

არჩევნების შემდეგ ლარის ნელი და სტაბილური გაუფასურება იყო სიგნალი, რომ ეკონომიკური სიტუაცია დამძიმდებოდა - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი მცირედით გამყარდა, [ორი დღის განმავლობაში კურსი ისევ დაეცა] ის საწყის, ანუ არჩევნებამდე ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.

„ზოგადად, არჩევნების შემდეგ ლარის ნელი და სტაბილური გაუფასურება იყო სიგნალი, რომ ეკონომიკური სიტუაცია დამძიმდებოდა.

საერთოდ, როცა ლარის კურსთან მიმართებით ვსაუბრობთ, აქ არის ერთი “მაგრამ“ - სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე აღარ ატარებს საჯარო ხასიათს, როდესაც ღიად ხდებოდა გამოტანა რეზერვების, ან პირიქით ჭარბი დოლარის შესყიდვა. ეს უკვე ხდება ბაზარს მიღმა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით. დამკვიდრდა, რომ ეროვნული ბანკი ბაზრის მიღმა დოლარს ყიდულობს და ყიდის. ეს თავისთავად არ არის პოზიტიური მოვლენა, ეს არ გვაძლევს, ერთი შეხედვით, პოზიტიური დინამიკის სრულად და სანდოდ შეფასების საშუალებას.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, დაკავშირებულია ფასებთან და ფასების ზრდასთან. ზოგადად მოლოდინი არის, რომ ფასების ის დონე, რაც გვქონდა ბოლო ორი წელი, ეს იყო კარგი მოვლენა, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი იყო 2%-ზე დაბალი, ზოგჯერ 1%-ზე დაბალი. წელს ფასების ეს დინამიკა, ინფლაციის ეს მაჩვენებელი ვერ შენარჩუნდება. ყველა პროგნოზით, დაწყებული ეროვნული ბანკიდან, დამთავრებული მთავრობით, ყველა აცხადებს, რომ ფასები გაიზრდება. ისმის კითხვა, რამდენად დაჩქარებულად გაიზრდება ფასები? ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი და როგორი იქნება ბიზნეს გარემო“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს [საპარლამენტო არჩევნების დღე] ერთი დოლარი 2.7198 ლარი ღირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2025 წლის 14 თებერვალს დადგენილი კურსით კი, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.8362 ლარი გახდა.

მაგდა შენგელია