„ჩვენი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო რომ ვიდეოჯარიმები მიებას მართვის მოწმობის ქულათა სისტემას,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა ავარიების საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებზე და ისაუბრა თუ რა უნდა გაკეთდეს ამის პრევენციისთვის.
„2023 წელს თუ 442 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევებში, 2024 წელს - 444 გარდაიცვალა. წლიურად, ძალიან არის გაზრდილი დაშავების მაჩვენებელიც, აქ არ ითვლება მსუბუქი შეჯახებები. ამას დამატებული ადმინისტრაციული კუთხით რაც მიდის - დაახლოებით 20 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ავარიების პირველი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. უკვე დაახლოებით, ბოლო 5 წელია, რაც ავარიის გამომწვევ მიზეზებს შორის სიჩქარის გადაჭარბება არის მოწინავე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა რომ კანონის აღსრულება გამკაცრებულია და ყველგან კამერებია დამონტაჟებული. სურათი მაინც არ იცვლება.
ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით ბევრად მეტი ქვეითია დაღუპული. კერძოდ, თუ 2023 წელს 95 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, 2024 წელს 101 ქვეითად მოსიარულე პირი დაიღუპა ავარიებში. ეს მაჩვენებელი, საკმაოდ დიდია ჩვენისთანა ქვეყნისთვის. მითუმეტეს, რომ სრულყოფილი სტატისტიკა არ გვაქვს. მაგალითად ადამიანი თუ მოხვდება ავტოსაგზაო შემთხვევაში და იმ წუთიერად ფიქსირდება გარდაცვალება - შედის სტატისტიკაში, მაგრამ, თუ ავტოსაგზაო შემთხვევიდან 4-5 დღეში გარდაიცვალა, ის არ ხვდება სტატისტიკაში.
ჩვენი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო რომ ჯარიმები მიებას ქულათა სისტემას. მინიმალურად 5 ქულაც რომ მოაკლდეს, ეს უკვე დიდ შედეგს დადებს. როცა აქვს მძღოლს მოლოდინი, რომ შეიძლება გაიაროს ვიდეოკონტროლთან და მას დაეწერება ჯარიმა და ამავდროულად მინიმუმ 5 ქულა მოაკლდება უფრო ფრთხილი იქნება,“ - განაცხადა ირაკლი იზორიამ.