გიორგი ბაჩიაშვილი - ნათია თურნავამ უნდა ახსნას, არის გამოძალვის და ამ კრიმინალური შურისძიების თანამონაწილე, თუ მას მართლაც აქვს რაიმე ობიექტური ინფორმაცია, რასაც შეიძლებოდა დაჰყრდნობოდა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა დაიკითხება.

როგორც მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, თურნავამ უნდა ახსნას, არის „გამოძალვის და კრიმინალური შურისძიების თანამონაწილე, თუ მას მართლაც აქვს რაიმე ობიექტური ინფორმაცია“.

„დღეს, სავარაუდოდ, ნათია თურნავა დაიკითხება. მთავარი კითხვა ნათიასთან იქნება ის, ნახა თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას იმიტომ, რომ მან გამოიტანა ძალიან მძიმე დასკვნა. მან უნდა ახსნას, იგი არის გამოძალვის და ამ კრიმინალური შურისძიების თანამონაწილე, თუ მას მართლაც აქვს რაიმე ობიექტური ინფორმაცია, რასაც შეიძლებოდა დაჰყრდნობოდა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი განმარტებით, „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების საკითხი ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.

„სწორედ ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის მომცველი იმიტომ, რომ „ქართუ ბანკი“ ეროვნულ ბანკს 2006 წლიდან არ დაუჯარიმებია. შესაბამისად, ვერ დააჯარიმებდა ვერც ნათია თურნავა და ვერც სხვა ეროვნული ბანკი იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ივანიშვილი პირადად მართავს ეროვნული ბანკის მმართველებსაც, პროკურატურასაც, მოსამართლეებსაც, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააჯარიმებდა, თუ ეს ივანიშვილს დასჭირდებოდა. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ივანიშვილს დასჭირდა. ამიტომაც იქნება ძალიან ბევრი კითხვა ნათია თურნავასთანაც“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ელოდებიან „ნამდვილი საექსპერტო ბიუროს დასკვნას ევროპიდან, კერძოდ, გერმანიიდან“. „ვიმედოვნებ, ეს დასკვნა ძალიან მალე იქნება და მედიას გავაცნობ“,-განაცხადა ბაჩიაშვილმა.