ლატვია რუსეთსა და ბელარუსში ტურისტულ მოგზაურობებს აკრძალავს

ლატვიის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს რუსეთსა და ბელარუსში ტურისტულ მოგზაურობებს აუკრძალავს, რომ ამ ქვეყნებში ლატვიელების უფლებების დარღვევის რისკები შეამციროს და ჯაშუშებად მათი გადაბირების მცდელობები თავიდან აიცილოს.

ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ლატვიური ტურისტული სააგენტოებისთვის რუსეთსა და ბელარუსში მომსახურების გაწევის აკრძალვის გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა 14 თებერვალს მიიღო. შეზღუდვა ლატვიაში რეგისტრირებულ ტურისტული სერვისის ყველა პროვაიდერზე გავრცელდება და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ფარგლებში დაინერგება.

გამოცემა განმარტავს, რომ დეპუტატებმა ტურიზმის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი შესაბამის კომიტეტს გადაუგზავნეს.

„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ დასასვენებელი მოგზაურობები რუსეთსა და ბელარუსში გრძელდებოდა და ჩვენი მოქალაქეებით სავსე ავტობუსები ჩადიოდნენ ქვეყნებში, რომლებიც ლატვიის ოკუპაციის სურვილს ღიად გამოხატავენ,“ - წერია მმართველი ბლოკის, „ახალი ერთობის“ განცხადებაში.

დღეს ამ ქვეყნებში მოგზაურობა, დეპუტატების შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, 2024 წელს რუსეთმა ლატვიის 30 მოქალაქე დააკავა, ხოლო ასეთ შემთხვევებში დახმარების გაწევაზე ლატვიის ხელისუფლების შესაძლებლობები „მეტად შეზღუდულია.“

10 თებერვალს ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთსა და ბელარუსში მგზავრობისგან უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ. უწყების განცხადებით, „ასეთი მოგზაურობები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს,“ ხოლო „აღმოსავლელი მეზობლების მხრიდან საფრთხის შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია, საზღვარი დღეების კი არა, საათების განმავლობაში ჩაკეტოს.“

სამინისტრო განმარტავს, რომ „ჰიბრიდული ომის პირობებში“ საბოტაჟისა და გარე ჩარევის რისკები ისევ მაღალია. ეს რისკები კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ენერგოსისტემიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების გათიშვის ფონზე.

ცნობისთვის: მანამდე ლატვიის სეიმში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს, ასევე, მათ მფლობელობაში მყოფ იურიდიულ პირებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. ინოვაციის მიზანი ეროვნული ინტერესებისთვის მავნე და სახიფათო აქტივობების, ასევე, სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ