დონის როსტოვიდან ბათუმის გავლით თურქეთის ქალაქებამდე რეგულარული ავტობუსი ამოქმედდება

დონის როსტოვიდან თურქეთის ქალაქ ალანიამდე, მერსინამდე და ანტალიამდე 15 მარტს რეგულარული ავტობუსები ამოქმედდება, რომლის მარშრუტი ბათუმსაც მოიცავს.

ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანია Luks Yilmaz Turizm-ში „კომერსანტს“ განუცხადეს.

კერძოდ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მარშრუტი გადის ბათუმზე და ტრანზიტით სერპენტინზე საქართველოს, ასევე, შავი ზღვის სანაპიროს გაივლის.

კომპანიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარს ავტობუსი, საშუალოდ, ორ-სამ საათში გადავა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დატვირთული იქნება გამშვები პუნქტი და საზღვრის გავლა შესაძლოა, ხუთიდან ექვს საათამდე დაგვიანდეს.

რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება. პირველი რეისი მერსინიდან 15 მარტს გავა, საიდანაც ავტობუსი ყოველ სამშაბათს იმოძრავებს, ხოლო დონის როსტოვიდან ყოველ შაბათს გაემგზავრება. მგზავრობას, დაახლოებით, 50 საათი დასჭირდება. ავტობუსი ყოველ სამ-ოთხ საათში 30-დან 40 წუთით გაჩერდება.

rika-1739791298.jpg

ბილეთი 110 დოლარი ეღირება, რაშიც 35 კგ-მდე ბარგის ტრანსპორტირება შედის. ასევე, შესაძლებელია ისეთი ამანათის ან პირადი ნივთის გადატანა, რომლის თვითმფრინავით ტრანსპორტირება შეუძლებელია. მაგალითად, დამატებითი საფასურითა და არაკომერციული მიზნებისთვის დასაშვებია ავტობუსით ზედმეტად მძიმე ჩემოდანის ან ველოსიპედის გაგზავნა, ხოლო საბუთების გაგზავნა, მინიმუმ, 15-20 დოლარი ეღირება.

„არ გვეგონა, ასეთი აქტიური მოთხოვნა თუ იქნებოდა. თავიდან სტამბოლი-დონის როსტოვის მარშრუტი ავამოქმედეთ, ამჯერად კი მერსინის, ალანიისა და ანტალიის მიმართულების დამატება გადავწყვიტეთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ