ვენეციაში შესვლის გადასახადი ორმაგდება - უბილეთოებს კი 300 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ

წელს იტალიის ქალაქ ვენეციაში შესვლის გადასახადი ორმაგდება და 10 ევრო ხდება, რაც მხოლოდ იმ ტურისტებზე გავრცელდება, ვინც ქალაქში მგზავრობას ოთხ დღეზე ნაკლებ ვადაში ჯავშნიან. უფრო ორგანიზებული ტურისტები, რომლებიც თავიანთ მოგზაურობას ხუთ დღით ადრე ჯავშნიან, ქალაქში შესასვლელად ისევ მოქმედ ოდენობას, ანუ 5 ევროს გადაიხდიან.

ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

ახალი სისტემა აღდგომის დღესასწაულებზე, 18 აპრილიდან 4 მაისამდე ყოველდღიურად იმუშავებს. ამ პერიოდის შემდეგ, კერძოდ, 4 მაისიდან ივლისის ბოლომდე გადასახადის გადახდა მხოლოდ ერთდღიან ტურისტებს მოუწევთ, რომლებიც ვენეციას პარასკევს, შაბათს, ან კვირას სტუმრობენ. ამით ხელისუფლება ცდილობს, ტურისტები შაბათ-კვირის ნაცვლად სამუშაო დღეებში მიიზიდოს.

გადახდა ონლაინ ან ვენეციაში შესვლისას ბილეთების სალაროებში არის შესაძლებელი, რაც უფრო ძვირი ჯდება.

ყველა ვიზიტორს QR-კოდი მიენიჭება, რომელიც შეუძლია, სმარტფონში შეინახოს ან ამობეჭდოს. დაჯავშნის გარეშე გამოვლენილი ტურისტები შესაძლოა, 300 ევრომდე დაჯარიმდნენ, ხოლო ტურისტები, რომლებიც ვენეციაში ღამის გასათენებლად სასტუმროს ჯავშნიან, ამ საფასურისგან თავისუფლდებიან, რადგან მათ ტრადიციული ტურისტული გადასახადის გადახდა მაინც უწევთ. ეს გადასახადი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველი ღამისთევისთვის მოქმედებს.

ცნობისთვის: 2024 წლის გაზაფხულიდან ვენეციამ დღის ტურისტებისთვის ქალაქში შესვლაზე ოფიციალური გადასახადი მსოფლიოში პირველმა დააწესა. ერთ ადამიანზე 5 ევროიანმა გადასახადმა გასულ წელს ქალაქს 2 მლნ ევროზე მეტი მოუტანა, რაც მერიამ ისეთ სერვისებზე დახარჯა, როგორიც ნარჩენების გატანა და ტექნიკური მომსახურებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ