საქართველოში 370 ათასამდე ადამიანი „შავ სიაშია“ და კრედიტს ვერ იხდის - როგორია სტატისტიკა

საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტით, ბოლო ერთ თვეში კი ათასით გაიზარდა.

„შავ სიაში“ 369 311 ადამიანია

„კრედიტინფოს“ 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 311-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 367 031 პირი იყო, 2024 წლის დეკემბერში კი 368 310 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 96 301 კომერციული ბანკების კლიენტია, 299 659 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 7 082 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.

რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.164 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.506 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 29.234 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან ვადაგადაცილება 2.702 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 5.2%-ია.

საერთო ჯამში, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 942 838 ადამიანს აქვს, ჯამში 51.923 მლრდ ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, იანვრის მდგომარეობით, ბანკებიდან 47.346 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 586 063 მსესხებელს აქვს აღებული. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 761 573 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.973 მლრდ ლარს შეადგენს. კიდევ 22 044 ადამიანს კი, ჯამში 603.6 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.