რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა აფხაზეთის ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაციის შესწავლის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ უწყების ოფიციალურ Telegram-არხზე დაწერა.
პეტრენკოს თქმით, ძალადობის მუქარა აფხაზეთისა და რუსეთის სომეხი ეროვნების „მოქალაქეების“ მიმართ დაფიქსირდა, რადგან კონკრეტული (ოპოზიციური) კანდიდატის სასარგებლოდ ხმის იძულებით მიცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
ამდენად, ჩინოვნიკი განმარტავს, რომ „რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ჩაიდენენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ფედერალური კანონმდებლობით ექვემდებარებიან, თუ ეს დანაშაული რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული.“
ცნობისთვის: 15 თებერვალს აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პირველ ტურში კრემლის პროსახელისუფლო კანდიდატ ბადრა გუნბამ 46,38%, ხოლო ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბამ 36,92% მიიღო. მეორე ტური 1 მარტს ჩაინიშნა. აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ სწორედ ბადრა გუნბას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისის ჩაფრენა, რომელიც კრემლმა დააორგანიზა და რომელმაც საზეიმო ვითარებაში გუნბასთან ერთად სოხუმში სტუდენტები და ჟურნალისტები ჩაიყვანა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ