ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროს ახალი დიზაინისთვის თემები შეარჩია

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ეცბ) ევროს ბანკნოტების განახლებული დიზაინის სიუჟეტები გაასაჯაროვა, რომლებიც მიმოქცევაში რამდენიმე წელიწადში შევა.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, ეცბ-ის საკონსულტაციო ჯგუფმა მომავალი ბანკნოტებისთვის შვიდი შესაძლო თემის სია შეადგინა, ხოლო მოწონებულ თემაზე ხმის მიცემა ევროპელებს სთხოვეს.

ყველაზე მეტი ხმა ორმა თემამ მიიღო, სახელწოდებით, „ევროპული კულტურა“ და „მდინარეები და ფრინველები: მდგრადობა მრავალფეროვნებაშია.“ ამჟამად ეცბ დიზაინის ორ ვარიანტს განიხილავს.

პირველი ვარიანტიის მიხედვით, ბანკნოტებზე უნდა გამოისახოს ცნობილი პიროვნებები: მარია კალასი (5 ევრო), ბეთჰოვენი (10 ევრო), მარი კიური (20 ევრო), სერვანტესი (50 ევრო), ლეონარდო და ვინჩი (100 ევრო) და ბერტა ფონ ზუტნერი (200 ევრო). უკანა მხარეს გამოისახება სცენები კულტურული ცხოვრებიდან, როგორიც არის ბიბლიოთეკა ვიზიტორებით, ქუჩის ხელოვანების გამოსვლები და სიმღერის ფესტივალი.

მეორე ვარიანტით, ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახული იქნება ჩიტები და მდინარის პეიზაჟები. ეს პეიზაჟები, განსხვავებით ფრინველებისგან, სინამდვილეში არ არსებობს. უკანა მხარე ევროკავშირის მნიშვნელოვან შენობებს, მათ შორის, ევროპარლამენტს ასახავს

გამოკითხვაში 365 ათასმა ევროპელმა მიიღო მონაწილეობა.

ეცბ-მა დიზაინერები ევროკავშირის მთელი ტერიტორიიდან მიიწვია, რომ ახალი ბანკნოტებისთვის თავიანთი დიზაინი წარადგინონ. საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კვლავ ევროპის მცხოვრებლები მიიღებენ, რა მიზნითაც კვლავ გამოკითხვა ჩატარდება.

ყველა ეტაპის, მათ შორის, კენჭისყრის დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, როდის შევა ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში.

ცნობისთვის: ევრო ევროკავშირის 27 წევრიდან 20 ქვეყნის ვალუტაა. დღეს ბანკნოტებზე გამოსახულია თაღები, ხიდები და შენობები, რომლებიც ტიპიური ევროპული არქიტექტურული სტილის კოლექტიურ გამოსახულებას წარმოადგენს. ბანკნოტებზე გამოსახული არცერთი ობიექტი რეალურად არ არსებობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ