„3-4-ჯერ იყო გაზრდილი წყვეტის სიხშირე“ - რამ განაპირობა თბილისის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დენის ხშირ შეწყვეტასთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენმა მოკვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თვის ჭრილში ელექტროენერგიის წყვეტა ხშირად 3-4-ჯერ აღემატებოდა ზოგადი წყვეტის მაჩვენებელს.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ხშირ წყვეტაზე მიუთითებდნენ მოქალაქეები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარკეთილის, დიღმისა და გლდანის რამდენიმე ქუჩაზე. ამ ეტაპისთვის ქუჩების ნაწილზე პრობლემა მოგვარებულია, რიგ შემთხვევაში კი საკითხის გადაჭრა მიმდინარეობს.

„არის კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობა მიუთითებდა, რომ სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გახშირებული იყო დენის წყვეტები. შევისწავლეთ საკითხი და აღმოვაჩინეთ, რომ ამ პერიოდში წყვეტები თვის მანძილზე, ზოგად წყვეტებთან შედარებით, 3-4-ჯერ იყო გაზრდილი. დეტალურად დავიწყეთ საკითხის უბნების მიხედვით შესწავლა.

ხშირი წყვეტა ფიქსირდებოდა დიღომში, ვარკეთილში, ლისის ტერიტორიასა და გლდანში. ორ უბანზე, სადაც დენის ხშირი წყვეტა იყო, დასრულებულია სამუშაოები და რამდენიმეზე მიმდინარე პროცესებია. როდესაც სრულად დასრულდება სამუშაოები, კიდევ ერთხელ დავაკვირდებით ადგილზე სიტუაცია“, - აღნიშნა გულეიშვილმა.

ენერგოომბუდსმენი დენის ხშირ წყვეტასთან დაკავშირებით „თელასის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შეხვდა. გულეიშვილის თქმით, შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რითაც იყო გამოწვეული ელექტროენერგიის წყვეტა კონკრეტულ ქუჩებზე.

„ცალკეულ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი იყო „თელასის“ მხრიდან წარმოებული სამუშაოები, რომელიც გახანგრძლივდა ლოკალური დაზიანებების გამო. ასევე, იყო ერთი უბანი, სადაც აღმოჩნდა, რომ ქსელი გადასატანია, რადგან ქსელის კონკრეტული მონაკვეთი კერძო პირის საკუთრებაში გადიოდა და იქ ვერ ხერხდებოდა სამუშაოების ჩატარება“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

როგორია დედაქალაქის ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წელს გაიზარდა. მაგალითად, „თიბისი კაპიტალის“ კვლევით, გასულ წელს მოხმარება 6%-ით გაიზარდა და 13.9 ტერავატ/სთ შეადგინა.

მხოლოდ თბილისში 2024 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 3.195 ტერავატ/სთ შეადგინა. თბილისში არასაყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ზრდამ წლიურად 10%-ს გაუტოლდა (2.015 ტერავატ/სთ), ეს კი მაშინ, როცა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 6.8%-ით (1.178 ტერავატ/სთ) არის გაზრდილი.

რაც შეეხება რეგიონებს, ელექტროენერგიის მოხმარება 6.5%-ით არის გაზრდილი წლიურად და 2024 წელს 4.117 ტერავატ/სთ-ს შეადგენდა. თბილისისგან განსხვავებით მეტად არის გაზრდილი საყოფაცხოვრებო მოხმარება. კერძოდ, 2024 წელს ზრდამ 8% შეადგინა (2.336 ტერავატ/სთ). არასაყოფაცხოვრებო მოხმარების შემთხვევაში კი მოთხოვნა 5.4%-ით (1.781 ტერავატ/სთ) არის რეგიონებში გაზრდილი.

მერი ტაბატაძე