Ryanair ზაფხულის სეზონისთვის ევროპულ მარშრუტებს მასიურად დახურავს

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის მასშტაბით მთელი რიგი მარშრუტები შეწყვიტა, რაც მთავრობების მიერ საავიაციო გადასახადებისა და მოსაკრებლის გაზრდამ განაპირობა - ამის შესახებ The Independent წერს.

ამჯერად Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი იმუქრება, რომ ავიაკომპანია საფრანგეთის მიმართულებით რეისების რაოდენობას შეამცირებს, თუ ქვეყნის მთავრობა გადასახადების გაზრდას გადაწყვეტს. მისი თქმით, „საფრანგეთი ისედაც მაღალი გადასახადების ქვეყანაა” და თუ ის კიდევ უფრო გაიზრდება, ავიაკომპანია “თავის შესაძლებლობებს შეამცირებს.“

ახლახან Ryanair-მა რიგი მარშრუტები შემდეგ ქვეყნებში დახურა:

დანია

იანვრის ბოლოს ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ბილუნის აეროპორტში ორი თვითმფრინავისგან შემდგარ ბაზას დახურავს, ხოლო მარტის ბოლოსთვის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ოლბორგისკენ ყველა მარშრუტს შეწყვეტს. მიზეზი დანიის მთავრობის გეგმაა, რომ იანვრიდან თითოეულ გაფრენილ მგზავრზე 50 დანიურ კრონამდე (7 დოლარამდე) ოდენობის საავიაციო გადასახადი შემოიღოს.

იტალია

Ryanair-მა იანვარში, ასევე, გამოაცხადა, რომ ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტიდან რომში ბაზირებულ ერთ-ერთ თვითმფრინავს ამოიღებდა, რაც აეროპორტების ხარჯის ზრდამ და მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომ 1 აპრილიდან იტალიის მთავარ აეროპორტებში მუნიციპალური გადასახადი გაზარდოს.

გერმანია

გასული წლის ოქტომბერში ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ 2025 წლის ზაფხულში გერმანიის მიმართულებით რეისებს კიდევ 12%-ით შეამცირებს. კერძოდ, Ryanair დახურავს ბაზებს დორტმუნდში, დრეზდენსა და ლაიფციგში, ხოლო ჰამბურგში სერვისებს 60%-ით შეამცირებს, რის შედეგადაც ზაფხულისთვის 22 მარშრუტი გაუქმდება. მიზეზად საავიაციო, უსაფრთხოებისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის მაღალი გადასახადები დასახელდა.

ესპანეთი

გასულ თვეს Ryanair-მა გამოაცხადა, რომ ესპანეთის აეროპორტების „გადაჭარბებული მოსაკრებლის“ გამო ზაფხულში რეისების რაოდენობას, დაახლოებით, 800 000 ადგილით შეამცირებს. ავიაკომპანია ოპერირებას სამხრეთ ესპანეთში მდებარე ხერესის აეროპორტსა და ქვეყნის ჩრდილოეთით, ვალიადოლიდის აეროპორტში შეწყვეტს, ხოლო სანტიაგოს ბაზიდან ერთ თვითმფრინავს ამოიღებს. ამასთან, Ryanair ზაფხულისთვის ტრაფიკის შემცირებას ხუთ რეგიონულ აეროპორტში გეგმავს. კერძოდ, ვიგოს აეროპორტში ტრაფიკი 61%-ით, სანტიაგოში 28%-ით, სარაგოსაში 20%-ით, ასტურიას აეროპორტში 11%-ით, ხოლო სანტანდერში 5%-ით შემცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ