იანვარში გაერთიანებული სამეფოდან იმპორტი 2 365%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი წლიურად 2 365.8%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, იანვარში საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან 266 917 600 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 16.6%-ია. 2024 წლის იანვარში იმპორტის მაჩვენებელი 10 824 700 აშშ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2025 წლის იანვრის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო როგორც იმპორტის ასევე სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა და ტოპ-10 ქვეყანას შორის მე-2 პოზიციას იკავებს, როგორც იმპორტის, ისე ბრუნვის თვალსაზრისით.

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ტოპ ხუთეულს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 252 703 920 აშშ დოლარის;
  • მსუბუქი ავტომობილები - 4 973 110 აშშ დოლარის;
  • ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან - 2 051 830 აშშ დოლარის;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 1 047 220 აშშ დოლარის;
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 710 790 აშშ დოლარის.

აღნიშნული იმპორტის ზრდა, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქონების საქართველოში გადმოტანას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესების ოფშორებიდან საქართველოში გადმოფორმება დაიწყო. ასევე რამდენიმე დღის წინ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რომ ივანიშვილმა საქართველოში საკუთარი ნახატების შემოტანაც დაიწყო.

თაია არდოტელი