აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, იმპორტირებულ ავტომობილებზე, დაახლოებით, 25%-იანი ტარიფები დაწესდება, რაც მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება, რამაც შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენოს გერმანულ ავტომწარმოებლებს.
ამასთან, ტრამპი აცხადებს, რომ მისი “სარკისებური” გადასახადების საპასუხოდ ევროკავშირმა ამერიკულ ავტომობილებზე ტარიფები უკვე შეამცირა. ბრიუსელი ამას უარყოფს, თუმცა ასეთი კომენტარიდან ჩანს, რომ ეს საკითხი კვლავ თეთრი სახლის ყურადღების ცენტრში რჩება.
Bloomberg წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან სავაჭრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი იმპორტირებულ ამერიკულ მანქანებზე ტარიფების შემცირებას მართლაც განიხილავს. თუმცა ბლოკში აცხადებენ, რომ ჯერ რაიმე კონკრეტული წინადადება არ აქვთ.
ევროკომისიამ 18 თებერვალს განაცხადა, რომ „ნებისმიერი ტარიფის შემცირება ორმხრივად მომგებიანი და სამართლიანი უნდა იყოს, ასევე, სისტემის ფარგლებში არსებულ წესებს ეფუძნებოდეს.“
Bloomberg-ის შეფასებით, ბრიუსელი აძლიერებს ძალისხმევას, რომ თავიდან აიცილოს საბაჟო ომი ტრამპთან, რომელიც ევროკავშირში მოქმედ ერთ-ერთ ზომად დამატებითი ღირებულების გადასახადს ასახელებს და რაც ვაშინგტონს აწუხებს.
ტრამპი ევროკავშირს უბიძგებს, შეამციროს ტარიფები ამერიკულ მანქანებზე, რაც ამჟამად ბლოკში 10%-ს შეადგენს, მაშინ, როცა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე მხოლოდ 2,5%-იანი გადასახადი მოქმედებს. თუმცა ევროკავშირი ხაზგასმით განმარტავს, რომ აშშ 25%-იან ტარიფს პიკაპებზე ისედაც იყენებს, რა სეგმენტიც ამერიკის ავტომობილების ბაზრის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს.
ევროკავშირის მიერ ტარიფების ნებისმიერი შემცირება ბლოკს აიძულებს, ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრისთვის გააკეთოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ