G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებას განიხილავენ.
ინფორმაციას Bloomberg-ი G7-ის ფინანსთა მინისტრებისთვის მომზადებული ინსტრუქციის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი სანქციების მომზადების შესახებ ცნობილი გახდა საუდის არაბეთში რუსეთსა და აშშ-ის შორის პირველი პირდაპირი და საჯარო მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავთან დაკავშირებით G7-ის ქვეყნებმა შესაძლოა, რუსულ ნავთობზე გასაყიდი „ფასის ზღვარი“ კიდევ უფრო დაწიონ, რომელიც ამჟამად ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ამ ოდენობაზე მაღალ ფასში რუსული წარმოშობის ნავთობი დასავლურ დაზღვევას ვერ იღებს, ხოლო კომპანიები, რომლებიც ამ ნავთობით ვაჭრობასა და ტრანსპორტირებას ეწევიან, „ზღვრული“ წესის დარღვევის შემთხვევაში მეორად სანქციებს დაექვემდებარებიან.
დოკუმენტში წერია, რომ დამატებითი შეზღუდვების მიზანი ნავთობიდან დოლარებზე კრემლის წვდომის შემცირება და უკრაინასთან „სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად” რუსეთის „სტიმულირებაა.“
Bloomberg ხაზს უსვამს, რომ ეს წინადადებების პროექტია და ჯერ გაურკვეველია, მზად არის თუ არა ყველა ქვეყანა მის მხარდასაჭერად.
ცნობისთვის: რუსულ ნავთობზე 60-დოლარიანი ზღვრული ფასი ძალაში 2022 წლის დეკემბრიდან შევიდა. გასული წლის გაზაფხულზე G7-ის ქვეყნები ფასის კიდევ უფრო დაწევას განიხილავდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს: შეშფოთება აშშ-მა გამოთქვა, რომელიც თვლიდა, რომ ამან შესაძლოა, ენერგომატარებლებზე გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ