Meta-მ Facebook-ის მომხმარებელთა Live-მაუწყებლობის შენახვაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ისინი 30 დღის შემდეგ წაიშლება, მაშინ, როცა მანამდე ასეთი ვიდეოები პლატფორმაზე განუსაზღვრელი ვადით ინახებოდა.
ამის შესახებ კომპანიის ბლოგში წერია.
ცვლილებები ძალაში დღეიდან შედის. 19 თებერვლიდან მომხმარებლებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადიან, ვიდეოების ატვირთვა მოეთხოვებათ, რომ ისინი 30 დღის შემდეგ არ დაიკარგოს.
მომხმარებლები ჩანაწერების გაზიარებას თავიანთ Reels-პროფილზე შეძლებენ, თუმცა სოციალურ ქსელ Instagram-ის ამ განყოფილების 90-წამიანი ლიმიტი უნდა დაიცვან.
Meta ცვლილებებს იმით განმარტავს, რომ „ Live-სტრიმინგის უმეტეს ნაწილს პირდაპირი ტრანსლაციის პირველ რამდენიმე კვირაში აქვს ნახვები.“ ასევე, კომპანია “ინდუსტრიის სტანდარტებთან შენახვის პოლიტიკის შესაბამისობას” ცდილობს, რომ Facebook-ის ყველა მომხმარებლისთვის ყველაზე აქტუალური Live-სტრიმინგის მიწოდება უზრუნველყოს.“
ასევე, წაიშლება 30 დღეზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნებული ყველა პირდაპირი ტრანსლაცია, ხოლო არქივის საბოლოო წაშლამდე მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით და აპლიკაციით ეცნობება. შეტყობინების მიღების შემდეგ მათ ვიდეოს ჩამოსატვირთად ან გადასატანად 90 დღე ექნებათ. ძველი სამაუწყებლო ჩანაწერები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში „ტალღებით“ მოიხსნება.
ამასთან, წინა Live-ვიდეოების სათითაოდ ან ერთდროულად ჩამოსატვირთად Facebook-მა რამდენიმე ინსტრუმენტი ჩაუშვა. შეტყობინების მიღების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, მითითებულ თარიღებზე გამოქვეყნებული ყველა ვიდეოს სრული ჩამოტვირთვა მოითხოვოს ან ისინი პირდაპირ გადაიტანოს ღრუბლოვან სერვისზე, როგორიც არის Dropbox ან Google Drive.
ცნობისთვის: Facebook-მა Live-სერვისზე საჯარო წვდომა 2016 წლის აპრილში გახსნა, ხოლო სექტემბერში პირდაპირი ტრანსლაციის გაშვება საიტის ვებ-ვერსიაზეც დაიწყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ