საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი უდევს, რაც საგადასახადო დავალიანების ხანდაზმულობას გულისხმობს.

სამინისტროს განმარტებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ( 62 593 ფიზიკურ პირზე 287 244 620 ლარი), ასევე პირადი მომართვის საფუძველზე (3 590 ფიზიკურ პირზე 152 259 309 ლარი).

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.

ამასთან, დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება.

ნინი ქეთელაური