ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ბილ გეითსის 10 პროგნოზი - რომელი გამართლდა და რომელი არა?

ბილ გეიტსმა წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო პროგნოზი გააკეთა. თავის დროზე, მისი განცხადებები უტოპიად ითვლებოდა - თუმცა, როგორც ჩანს, მილიარდერი დროს უსწრებდა.

დღეს ცხადია, რომ მისი განცხადებების უმეტესი ნაწილი რეალობად იქცა. თუმცა, რაღაცაში, თვით ბილ გეითსიც ცდება.

წარმოგიდგენთ გეითსის პროგნოზებს - რომელი ახდა და რომელი არა?

სმარტფონები

გეითსის პირველი წიგნი „გზა წინ“, რომელიც 1995 წელს გამოიცა, სავსეა დამაინტრიგებელი პროგნოზებით, მათ შორის „ჯიბის კომპიუტერის“ გამოჩენა.

გეითსმა, წიგნში წარმოიდგინა გლუვი, მრავალფუნქციური მობილური მოწყობილობა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა გაგზავნონ და მიიღონ ელ.წერილი, შეამოწმონ ამინდი, ითამაშონ თამაშები და სხვა. ის, რა თქმა უნდა, აღწერდა იმას, რაც დღეს სმარტფონის სახელით არის ცნობილი.

სტრიმინგ სერვისები

გეითსმა იწინასწარმეტყველა სტრიმინგ სერვისების ზრდა, როგორიცაა Netflix და HBO Max. ამის შესახებ მან თავის წიგნში The Road Ahead და 1994 წელს, ჟურნალ Playboy-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ტექნოლოგიის პიონერმა ჟურნალს განუცხადა, რომ ადამიანებს შეეძლებათ ფილმების ყურება არჩევით. მაშინ მან ასევე ივარაუდა, რომ შეიქმნებოდა სარეკომენდაციო ალგორითმები, რომლებიც მაყურებლებს კონტენტზე დაფუძნებულ, შესაბამის მედია პროდუქტს შესთავაზებდა.

COVID-19-ის პანდემია

გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა მოსალოდნელი დამანგრეველი პანდემიის მაღალი ალბათობის შესახებ. სამწუხაროდ, ის მართალი აღმოჩნდა. როდესაც 2020 წლის დასაწყისში COVID-19 გავრცელდა, ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და უდიდესი მსხვერპლი იყო.

2015 წელს Microsoft-ის თანადამფუძნებელმა წარმოადგინა TED-ის მოხსენება, სადაც მან განმარტა, რომ მსოფლიო არ არის მზად შემდეგი დიდი პანდემიისთვის.

გეითსმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მომდევნო ათწლეულში შემდეგი პანდემია მოხდება.

ჰიბრიდული მუშაობა

როდესაც გეითსი მომავლის ფორმირებაზე საუბრობდა, პროგნოზირებდა, რომ მოხდებოდა სამუშაო ოფისების რევოლუცია - გაიზრდებოდა დისტანციურად მომუშავე მუშაკთა რაოდენობა.

1995 წლის ბესტსელერში მან იწინასწარმეტყველა, რომ მუშაკები საბოლოოდ გამოიყენებდნენ ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს, როგორც ამას ბევრი აკეთებს ახლა.

ონლაინ სწავლა

გეითსმა ანალოგიურად იწინასწარმეტყველა დისტანციური სწავლების ზრდა. The Road Ahead-ში გეითსი წერდა, რომ საშინაო სწავლება უფრო გავრცელებული გახდებოდა ტექნოლოგიური მიღწევების გამო და ის ნამდვილად არ ცდებოდა. პანდემიამ ეს ტენდენცია დააჩქარა.

გლობალური სატელიტური ინტერნეტი

1994 წელს გეითსმა ინვესტიცია მოახდინა სატელიტური ინტერნეტ კომპანია Teledesic-ში და მომდევნო წელს თავის წიგნში იწინასწარმეტყველა, რომ “Teledesic -ის ასობით დაბალი ორბიტის თანამგზავრი, უზრუნველყოფდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხარისხის ინტერნეტს გლობალურად".

Teledesic-მა ვერ შეძლო განვითარება და 2002 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა, მისი ადგილი სხვა კომპანიებმა დაიკავეს, განსაკუთრებით პოპულარულია ილონ მასკის Starlink-ი.

კომპიუტერის ატრიბუტიკი - “მაუსის“ გაქრობა

2008 წელს გეითსმა თქვა, რომ კომპიუტერის “მაუსი“ მალე გაქრებოდა.

აღნიშნული მან Consumer Electronics Show-ზე მისი გამოსვლისას განაცხადა და აუდიტორიას უთხრა, რომ მომავლის მოწყობილობები გაკონტროლდებოდა შეხებით ან ხმით.

შესაძლოა ეს პროგნოზი მომავალში ახდეს, თუმცა “მაუსის“ საჭირობა არ გამქრალა.

პაროლის არ არსებობა

2004 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ პაროლის საჭირობა საერთოდ აღარ იქნებოდა ძალიან მალე.

„ეჭვგარეშეა, რომ დროთა განმავლობაში ხალხი სულ უფრო და უფრო ნაკლებად დაეყრდნობა პაროლებს“, - განაცხადა მან.

ეს გარკვეულწილად მართალია, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ალტერნატივები. თუმცა, დღეს პაროლი უსაფრთხოების საკვანძო მახასიათებლად ითვლება.

2006 წელს “სპამი“ აღარ იარსებებდა

2004 წელს BBC-სთან ინტერვიუში გეითსმა თქვა, რომ სპამის დასასრული გარდაუვალი იყო და ეს „ორ წელიწადში მოხდებოდა“. თუმცა, Statista-ს თანახმად, 2023 წელს ელექტრონული ფოსტის ტრაფიკის თითქმის 46% სპამად ითვლებოდა.

ტაბლეტის მომავალი

2002 წელს, ერთ-ერთი გამოსვლისას გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ტაბლეტი იქნებოდა ამერიკის ტოპ გაყიდვად პროდუქციას შორის და ის ტრადიციულ კომპიუტერებს ჩაანაცვლებდა.“

2007 წელს ეს არ მომხდარა. თუმცა 2015 წლისთვის, აშშ-ში ყველა ბრენდის ტაბლეტის გაყიდვებმა დესკტოპების და ლეპტოპების გაყიდვებს გადააჭარბა.

გეითსი ამ შემთხვევაში უბრალოდ დროში შეცდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი