„არანაირ გადაწყობას არ ვაპირებთ, ისევ ევროპის და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებთან ვიმუშავებთ, ასე ფიქრობს ჩემი 20 თანამშრომელიც“,- ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორის, აშშ-სა და ევროპის ბაზრიდან აზიისკენ გადართვა ჯერ კიდევ 2023 წელს დაიყო. რასაც საფუძვლად ქვეყნის კურსი და მაშინ დაწყებული განცხადებები დაედო.
როგორც ია თაბაგარი ამბობს, ქვეყანაში არსებობს ბევრი ძვირადღირებული სერვისი, რომელიც აზიელ ტურისტებს არ აინტერესებთ, ან დახვეწილი ტურისტული პროდუქტის შესაძენად ფულს არ ხარჯავენ. შესაბამისად, საქართველო მათ მისაღებად მზად არ არის.
„ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე 2 წლის წინ იგრძნობოდა ნეგატიური დამოკიდებულება ევროპელებისადმი. თუ გახსოვთ - „არ ჩამოვლენ და ნუ ჩამოვლენ“, მსგავსი განცხადებები. ეს ყველაფერი არ რჩება ყურადღების მიღმა. სანქციებზე საუბარი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, ევროპელების ბუნება კი, ძალიან კანონმორჩილია. ამიტომ, როდესაც ევროპელს სახელმწიფო მოხელე ეუბნება, რომ უნდა ჩავიდეს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დასანქცირებულები (ან უნდა დასანქცირდნენ), ეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს ტურისტების გადაწყვეტილებას. ხელისუფლებამაც იფიქრა, ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკელები რომ დავაბრუნოთ საქართველოში, ამას წლები დასჭირდება და მარტივი გზა მოძებნეს. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აზიის ბაზარზე გადართულიყვნენ. საქართველო კი არ არის ამისთვის მზად. ჩვენ გვაქვს უამრავი 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, მაღალი კლასის რესტორნები, ღვინის მარნები, ტრანსპორტი, მაღალანაზღაურებადი გიდები, ხალხური სიმღერის და ცეკვის ანსამბლები, და, ამ დროს, ახლა ვინც შემოდიან, ჩინელები და ინდოელები, ასეთი მაღალი ხარისხი მათ საერთოდ არ სჭირდებათ. მათ მოთხოვნებს დაბალი კლასის სერვისებიც აკმაყოფილებს. ჩვენ ამ კატეგორიის ტურისტებს ბოლომდე კიდევ არ ვიცნობთ. არც ის ვიცით, რა ფორმით გადაიხდიან ფულს. საქართველოში უამრავი მარანია და ღვინის ტურიზმი ძალიან კარგად მუშაობდა წლების განმავლობაში. აღნიშნულ სეგმენტს დიდად არც კი აინტერესებს ღვინის კულტურა და დახვეწილი ღვინოები. რესტორნების მხრივაც, იშვიათად ჭამენ ქართულ კერძებს. მთლიანობაში, რასაც ჰქვია, ქართული სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა და ხელოვნების გაცნობა, გამოცდილებების გაზიარება და საპასუხისმგებლო ტურიზმი, ეს ყველაფერი შესუსტდა და სწრაფად იცვლება.
ტურიზმის სექტორი ისევ აღმოჩნდა გამორკვევის და გარდატეხის რეჟიმში, საქართველოში მდგრადი ტურიზმი ისევ ვერ ჩამოყალიბდა. თუმცა პირადად მე, გადაწყობას არ ვაპირებ, ისევ ევროპელებთან მუშაობას გავაგრძელებ გუნდთან ერთად. ჩვენი სამუშაო ენა არის ინგლისური, ჩვენი კულტურა ბევრად მიესადაგება ევროპულს და მათი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო კარგად გვესმის. ასე ფიქრობს ჩემი 20 თანამშრომელიც, - ამბობს ია თაბაგარი.