„პროდუქტებზე ფასი გაზრდილი უკვე არის და ეტაპობრივად კიდევ და კიდევ იზრდება,” - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.
მანვე იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც პროდუქტებზე ფასის მატებას განაპირობებს. როგორც რიჟამაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შემდეგ პროდუქტის გაძვირებას განაპირობებს, სავაჭრო ობიექტების მხრიდან სხვადასხვა გადასახადების დაწესებაა მომწოდებლისთვის თუ დისტრიბუტორისთვის, რათა პროდუქტი მათ ქსელში, დახლზე მოხვდეს.
„ფაქტორებს შორის, რითაც შესაძლოა, იყოს გამოწვეული გაძვირება, პირველ რიგში აღსანიშნავია, ლარის კურსი, რომლის მერყეობაც ნეგატიურ გავლენას ახდენს პროდუქტების ფასზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობების განახლება მარკეტებთან და ის გაუარესებული პირობები, რაც არის მათი მხრიდან დაყენებული მწარმოებლისა თუ სადისტრიბუციო კომპანიისთვის.
ეს ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების განახლებისას, რომ საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასზეც. როგორი სტაბილურიც არ უნდა იყოს ლარი, როგორი ეკონომიკური აქტივობებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, პრაქტიკამ ცხადყო რომ ყოველწლიურად პროდუქტზე ფასი, თუნდაც იმიტომ გაიზრდება, რომ სავაჭრო ობიექტები ახალ გადასახადს გვიწესებენ. შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტის თვითღირებულებაზე მინიმუმ 100%-იანი ფასნამატია საჭირო, რომ უბრალოდ ქსელში იდოს ესა თუ ის პროდუქტი.
ჩვენ ვამბობთ, რომ რითეილ სექტორთან შეთანხმებით სახელმწიფომ უნდა იმუშაოს გარკვეული ტიპის რეგულირებაზე, რაც მინიმუმ ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას. მაგალითად, აკრძალულია ისეთი ტიპის გადასახადი, როგორიც არის ახალი მაღაზიის გახსნის საფასური. რამდენი ახალი მაღაზიაც იხსნება, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტის თითოეულ მიმწოდებელს უწევს თანხის გადახდა ამაში. ეს დამოკიდებულია კომპანიაზე - ვიღაცას 1 000, ვიღაცას 2 000, ვიღაცას კი 10 ათასი ლარის გადახდაც შეიძლება უწევდეს, მხოლოდ იმისთვის, რომ იმ ახალ გახსნილ მაღაზიაში მოხვდეს. აღნიშნული საკითხის რეგულირებაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო სახელმწიფომ მუშაობა, მაგრამ, დღესდღეობით შეჩერდა და ინფორმაციას არ ვფლობთ თუ იგეგმება განახლება,“ - განაცხადა რიჟამაძემ.